არეულობა უკრაინაში

პრორუსმა სეპარატისტებმა გორლოვკაში პოლიციის განყოფილება შტურმით აიღეს

Alexey Kravtsov / AFP

უკრაინის დონეცკის ოლქში პრორუსმა სეპარატისტებმა კიდევ ერთ ქალაქში, გორლოვკაში, პოლიციის განყოფილება შტურმით აიღეს. გორლოვკა უკვე მეცხრე დასახლებული პუნქტია, სადაც სეპარატისტები სახელმწიფო შენობებს აკონტროლებენ. მათ კვლავაც დაკავებული აქვთ დონეცკის საოლქო ადმინისტრაციის შენობა. პრორუსი აქტივისტების გამოსვლები განახლდა ხარკოვშიც. 

სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა გუშინ ქალაქ სლავიანსკში უკრაინის უშიშროების სპეცრაზმსა და პრორუს ამბოხებულთა შორის შეტაკების შედეგად. დაღუპულთა შორის ერთი უშიშროების ოფიცერი და ერთი მეამბოხეა. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რამდენიმე სპეცრაზმელი დაშავდა.

გუშინდელი სპეცოპერაციის შედეგად, ქალაქ სლავიანსკის შესასვლელში მეამბოხეთა ბლოკპოსტები განადგურდა. თუმცა სპეცრაზმს თავად ქალაქზე შეტევა აღარ განუხორციელებია. სლავიანსკში, ასევე კრამატორსკში და დონეცკის ოლქის სხვა რამდენიმე ქალაქში სეპარატისტები პოზიციებს ამაგრებენ და ცოცხალ ფარად მშვიდობიან მოსახლეობას იფარებენ. დღეს დილით ამოიწურა ულტიმატუმის ვადა, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ამბოხებულებს გუშინ წაუყენა.

"ჩვენ მზად ვართ ვიბრძოლოთ იარაღით ხელში ინტერვენციისა და დესტაბილიზაციის მცდელობების წინააღმდეგ. ეროვნული უშიშროების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ტერორისტული თავდასხმის წინააღმდეგ დაიწყოს ოპერაცია შეიარაღებული ძალების მონაწილეობით. ისინი, ვინც დაკავებულ შენობებს დილამდე დატოვებენ და იარაღს დაყრიან, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან", - თქვა ალექსანდრ ტურჩინოვმა.

ამავე დროს, ყოფილმა პრემიერმინისტრმა იულია ტიმოშენკომ განაცხადა, რომ კრიზისი აღმოსავლეთ უკრაინაში ხელსუფლებამ ძალის გამოყენების გარეშე უნდა მოაგვაროს. პრეზიდენტობის კანდიდატი აცხადებს, რომ ძალის გამოყენება რუსეთს ხელებს გაუხსნის აგრესიისთვის. ტიმოშენკო მიიჩნევს, რომ კრიზისის გადაწყვეტა ჟენევაში მომავალი მოლაპარაკების შედეგად იქნება შესაძლებელი.

კომენტარები