არეულობა უკრაინაში

სეპარატისტებმა უკრაინის ხელისუფლების ულტიმატუმი არ შეასრულეს

ria.ru

დღეს დილით ამოიწურა ულტიმატუმის ვადა, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ამბოხებულებს გუშინ წაუყენა, თუმცა, სეპარატისტებს კვლავაც დაკავებული აქვთ დონეცკის საოლქო ადმინისტრაციის შენობა. პრორუსი აქტივისტების გამოსვლები განახლდა ხარკოვშიც. უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის ინფორმაციით კი, ძალოვანებმა რუსული სპეცსამსახურების რამდენიმე წარმომადგენელი დაკავეს.  

ალექსანდრ ტურჩინოვის განცხადებით, "ჩვენ მზად ვართ, ვიბრძოლოთ იარაღით ხელში ინტერვენციისა და დესტაბილიზაციის მცდელობების წინააღმდეგ". მისი თქმით, ეროვნული უშიშროების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ტერორისტული თავდასხმის წინააღმდეგ დაიწყოს ოპერაცია შეიარაღებული ძალების მონაწილეობით.

"ისინი, ვინც დაკავებულ შენობებს დილამდე დატოვებენ და იარაღს დაყრიან, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან", - თქვა გუშინ ტურჩინოვმა. 

საგანგებო განცხადება გააკეთა უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა, რომელიც მედიის წინაშე ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრთან და გენპროკურორთან ერთად გამოჩნდა. იანუკოვიჩმა სეპარატისტების გამოსვლებს მხარი დაუჭირა და სამხედროებს მოუწოდა, კიევის ბრძანებები არ შეასრულონ. 

"დღეს სისხლი დაიღვარა. ჩვენი ქვეყანა ახალ სიტუაციაში აღმოჩნდა, ცალი ფეხით სამოქალაქო ომში შევაბიჯეთ. კიევმა დანაშაულებრივი ბრძანება გასცა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჯარის გამოყენების შესახებ. მოვუწოდებ სამხედროებს და შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უშიშროების თანამშრომლებს, არ შეასრულოთ დანაშაულებრივი ბრძანება და ხალხს ცეცხლი არ გაუხსნათ", - თქვა ვიქტორ იანუკოვიჩმა. 

სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა გუშინ ქალაქ სლავიანსკში უკრაინის უშიშროების სპეცრაზმსა და პრორუს ამბოხებულთა შორის შეტაკების შედეგად. დაღუპულთა შორის ერთი უშიშროების ოფიცერი და ერთი მეამბოხეა. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რამდენიმე სპეცრაზმელი დაშავდა.

გუშინდელი სპეცოპერაციის შედეგად, ქალაქ სლავიანსკის შესასვლელში მეამბოხეთა ბლოკპოსტები განადგურდა. თუმცა სპეცრაზმს თავად ქალაქზე შეტევა აღარ განუხორციელებია. სლავიანსკში, ასევე კრამატორსკში და დონეცკის ოლქის სხვა რამდენიმე ქალაქში სეპარატისტები პოზიციებს ამაგრებენ და ცოცხალ ფარად მშვიდობიან მოსახლეობას იფარებენ.

დღეს, უკრაინაში შექმნილ ვითარებას ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ.

კომენტარები