საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო

სასამართლო: GPB-ის მეურვეებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა არაკონსტიტუციურია

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მოქმედი წევრებისთვის უფლებამოსილებამოსილების ვადამდე შეწყვეტა არაკონსტიტუციურად ცნო.

სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს მოქალაქეების - დავით კანდელაკის, ნატალია დვალის, ზურაბ დავითაშვილის, ემზარ გოგუაძის, გიორგი მელაძის და მამუკა ფაჩუაშვილის კონსტიტუციური სარჩელი (N569) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, მოპასუხემ, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შეუძლებელია ახალი წესით არჩეული წევრებისა და მოქმედი წევრების შერწყმა განახლებულ სამეურვეო საბჭოში.

საკონსტიტუციო სასამართლო კი მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის, მისი მმართველობითი რგოლის რეფორმირება საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილება და ვალდებულებაა, მაგრამ აუცილებელია, ამ პროცესმა გაუმართლებლად არ შეზღუდოს პირთა კონსტიტუციური უფლებები. საკონსტიტუციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის არგუმენტი, რომ სამეურვეო საბჭოს წარმომადგენლობითობის გაუმჯობესება შეუძლებელი იყო მოსარჩელეთა კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის გარეშე.

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო, მისი საქმიანობის სპეციფიკურობისა და მაუწყებლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის პროცესში მისი განსაკუთრებული როლის გათვალისწინებით, სარგებლობს დაცვის შესაბამისი კონსტიტუციური გარანტიებით. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, გარდაუვალი აუცილებლობისას, მაგალითად, მაშინ, როდესაც მოქმედი სამეურვეო საბჭოს არსებობა, იმთავითვე საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივი მაუწყებლობის დამოუკიდებელ, ეფექტურ საქმიანობასა და მის შემდგომ განვითარებას.

"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თვლის, რომ კანონმდებლის მიერ შემოთავაზებული სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების ახალი, თუნდაც უფრო პლურალისტული და ეფექტური წესი, იმთავითვე არ წარმოშობს სამეურვეო საბჭოს მოქმედი წევრების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გადაუდებელ აუცილებლობას. ეს მიზანი სამეურვეო საბჭოს წევრებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გარეშეც მიიღწევა. ამდენად, სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა არათანაზომიერად ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით გარანტირებულ მოსარჩელეთა უფლებას და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურია" - აცხადებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო წევრებმა მაუწყებლობის შესახებ კანონში 2013 ივლისსა და ნოემბერში შესული ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოში 4 დეკემბერს გაასაჩივრა. სამეურვეო საბჭო პარლამენტის მიერ კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს უკანონოდ მიიჩნევდა. 

19 თებერვალს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ დასაშვებად სცნო. სასამართლო სარჩელის მხოლოდ იმ ნაწილს განიხილავდა, რომლის მიხედვითაც მეურვეები მათთვის ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეჩერებას ასაჩივრებდნენ. სასამართლომ 19 თებერვლის გადაწყვეტილებით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მაუწყებლობის შესახებ კანონის ნორმები შეაჩერა, რომლის მიხედვითაც სამეურვეო საბჭო ახალი წესით უნდა დაკომპლექტდეს. 

თუმცა, პარალელურად, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო კანონში შეტანილი ახალი წესით კომპლექტდება. პარლამენტმა ახალი წესით სამეურვეო საბჭოს 4 მეურვე უკვე დაამტკიცა, 5 ადგლი კი, კვლავ ვაკანტურია. სამეურვეო საბჭოს წევრები არიან - საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დასახელებული - ნათელა სახოკია, საპარლამენტო უმცირესობის მიერ დასახელებული - ქეთევან მსხილაძე და სახალხო დამცველის მიერ დასახელებული კანდიდატები - ლელა გაფრინდაშვილი და მარინა მუსხელიშვილი. მათი უფლებამოსილება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც საბჭო ახალი წესით მინიმუმ 7 წევრით დაკომპლექტდება.

სამეურვეო საბჭოს წევრობის ვაკანტურ ხუთ ადგილზე პარლამენტმა ხელახალი კონკურსი გამოაცხადა.

კომენტარები