ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ყირიმის შესახებ რეზოლუცია მიიღო

Wikimedia Commons

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომლითაც რუსეთის მიერ ყირიმის აგრესია დაგმო. 154 დეპუტატმა რეზოლუციას მხარი დაუჭირა, 26-მა წინააღმდეგ მისცა ხმა და 14-მა თავი შეიკავა. 

"საპარლამენტო ასამბლეა გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას და ყირიმის ანექსიას, რაც წარმოადგენს საერთაშორისო ნორმების დარღვევას, მათ შორის, გაეროს წესდების, ეუთოს ჰელსინსკის აქტის და ევროსაბჭოს ძირითადი ნორმების. არცერთი არგუმენტი, რომელსაც იშველიებს რუსეთის ფედერაცია თავისი ქმედებების გასამართლებლად, სინამდვილეს არ შეესაბამება", - ნათქვამია რეზოლუციაში, რომელიც ასამბლეამ მიიღო. 

რეზოლუციის მიხედვით, უკრაინაში "არ მომხდარა ულტრამემარჯვენე ჯგუფების მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდება და ასევე არ არსებობდა პირდაპირი საფრთხე ეთნიკურად რუსი უმცირესობისთვის, განსაკუთრებით, ყირიმის შემთხვევაში". 

რეზოლუციის მიღებას, ევროსაბჭოში რუსეთის წარმომადგენელი, რუსეთის დუმის საერთაშორისო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსეი პუშკოვი გამოეხმაურა. მისი თქმით, რეზოლუციის მიღება არ ნიშნავს, რომ რუსეთი საგარეო პოლიტიკას შეცვლის. 

"ამ ორგანიზაციაში ბევრი რეზოლუციაა მიღებული და მოდით, მათ მნიშვნელობას ნუ გადავაჭარბებთ. ის, რომ ჩვენ რაღაცისკენ მოგვიწოდეს და რაღაც რეზოლუცია მიიღეს, სრულებითაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკას და ჩვენს პრინციპებს გადავხედავთ. თუკი ასამბლეის უმეტესობა ფიქრობს, რომ რუსეთი არ შეესაბამება ევროსაბჭოს პრინციპებს, სჯობს ნახონ, თავად რამდენად შეესაბამებიან", - განაცხადა პუშკოვმა.

კომენტარები