ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

PACE ოცნებას: დაჟინებით მოგიწოდებთ, მიიღოთ ყველა მხარის ნდობით აღჭურვილი საარჩევნო სისტემა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში არსებული სიტუაციაცაა განხილული. 

"საქართველოს მმართველ უმრავლესობას დაჟინებით მოვუწოდებთ, 2020 წლის არჩევნებამდე უზრუნველყოს ისეთი საარჩევნო სისტემის მიღება, რომელსაც ექნება ყველა ჩართული მხარის მხარდაჭერა და ნდობა,"- წერია რეზოლუციაში. 

ამასთან, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ხელისუფლებას მოუწოდებს, განახორციელოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევისა და დამტკიცების შესახებ და დროულად განახორციელოს სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა. 

ევროსაბჭო ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდებს, იმუშაონ იმისთვის, რომ გადალახონ პოლიტიკურ გარემოში არსებული განგრძობადი პოლარიზაცია.

ევროსაბჭო შეშფოთებას გამოხატავს აუცილებელი საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის გამო, რომელიც 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებას ისახავდა მიზნად. ევროსაბჭო ასევე შეშფოთებას გამოხატავს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს არსებული ინციდენტებისა და საარჩევნო კოდექსის სავრაუდო დარღვევის გამოძიებისა და საპასუხო ზომების მიღების ნაკლებობის გამო. 

ევროსაბჭო შეშფოთებას გამოთქვამს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციონირების ხარვეზების გამო, რომელშიც მათ შორის მოიზარება ცხადი და ერთიანი კრიტერიუმების ნაკლებობა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის დროს დისკრეციის გადაჭარბება და სრული და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების მიუღებლობა. 

რეზოლუცია ევროსაბჭოს წევრ 10 ქვეყანაში 2019 წელს განხორციელებულ მონიტორინგს ეხება. საქართველოსთან ერთად, ამ ათ ქვეყანაში უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა, თურქეთი, რუსეთი, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა და სერბეთი არიან. 

კომენტარები