ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

თედო ჯაფარიძე: ყირიმის მოვლენები გვაბრუნებს ჰობსისეულ მსოფლიოში

wikipedia.org

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვიდა. ჯაფარიძემ  აღნიშნა, რომ მოსკოვის სურვილი გადაიხედოს სახელმწიფოთა საზღვრები ნაციონალურ ნიადაგზე მსოფლიოს "ვერსალის ფორმატში" აბრუნებს. მისივე თქმით თუ ეს მიდგომა დამკვიდრდება ეს მსოფლიოს არა ცივის ომის პერიოდში, არამედ უფრო დამღუპველ ჰობსიანულ მსოფლიოში დააბრუნებს სადაც გვხვდება ყველას ომი ყველას წინააღმდეგ. 

"საბჭოთა კავშირი აშენებული იყო იმპერიულ მოდელზე. მას შემდეგ, რაც სტალინიზმის იდეოლოგიური და სამხედრო ძალაუფლების ძირგამომთხრელი კრიტიკა დაიწყო, ნაციონალიზმის საკითხი კვლავ დღის წესრიგში დადგა. ნაციონალიზმი, მათ შორის რუსული ნაციონალიზმი, ყოველთვის არსებობდა. როგორც ზემოთ აღვნიშნე, საბჭოთა კავშირი იყო იმპერია, და მისმა დაშლამ მთელი რიგი სეპარატისტული და გეოპოლიტიკური ომები გამოიწვია, რომლებიც ხშირად გარეშე ძალების ხელშეწყობით ხორციელდებოდა საკუთარი ინტერესებისთვის და არა მათი ინტერესების გასატარებლად, ვისაც მხარდაჭერას უცხადებდნენ. უფრო მეტიც, ნაციონალიზმი საერთაშორისო სისტემის ფუნდამენტური ნაწილია. ამით აიხსნება, თუ რატომ არის მსოფლიო მოწყობილი კონკრეტული მიმართულებით და, ამასთან, ეს არის ცნება, რომელიც ყოველთვის გამოიყენება მოსახლეობის მობილიზებისთვის, მათი, როგორც "ხალხის" ერთიანი ძალით მოქმედებისთვის. რუსეთის მიერ უკრაინის ყირიმის ოკუპაცია და ანექსია, რისთვისაც ლეღვის ფოთლად იქნა გამოყენებული რეფერენდუმი, სამწუხაროდ, ნიადაგს ამზადებს უფრო მეტი მსგავსი ქმედებისთვის.

ცდება, ვისაც სჯერა, რომ არსებული კრიზისი "შეეხება მხოლოდ ყირიმს, რომელიც ისედაც რუსეთის იყო". მაგრამ ასე არ არის: ჩემი აზრით სასწორზე უფრო მეტი რამ დგას. პირველ რიგში მოსკოვის ახირება, რომ გადაიხედოს საზღვრები მხოლოდ ნაციონალურ ნიადაგზე, მსოფლიოს აბრუნებს 1918 წელში, "ვერსალის ფორმატში" და გზას უხსნის სხვადასხვა აგრესიული ქმედებების გამოვლინებას. მეორე, მოსკოვი იყენებს რევერსულ ქმედებას, რაც ემყარება ნაციონალიზმის დაქვეითებას და ხელშეწყობას მისი ხელახალი გაღვივებისთვის. და მესამე, გავრცელდა სახიფათო ცნება, რომ ეთნიკურობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მოქალაქეობა, რაც თავის მხრივ ძირს უთხრის გაეროს საფუძვლებს", - განაცხადა ჯაფარიძემ.

თედო ჯაფარიძემ პასტორ ნიმოლერის სიტყვების პერიფრაზი მოახდინა და აღნიშნა, რომ საჭიროა ადეკვატური ქმედებები ასამბლეის მხრიდან. 

"კვლავ და კვლავ, მე ვიმეორებ შეკითხვას: ქალბატონებო და ბატონებო, ამ დღეებში: სხვა კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ ჩვენ ადეკვატურად ვიმოქმედოთ? რატომ ვამბობ ამას - ყოველ ჩვენგანს კარგად უნდა ახსოვდეს და მეტიც, უნდა იმეორებდეს პასტორ ნიმოლერის მწარე გამონათქვამს, რომელიც შეიძლება მივუსადაგოთ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს: თავდაპირველად ეს მოხდა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში და მე ხმა არ ამოვიღე, რადგან ქართველი არ ვიყავი... შემდეგ ყირიმის ანექსია მოხდა და არც მაშინ ამოვიღე ხმა, რადგან უკრაინელი არ ვიყავი, მერე კი როდესაც ჩვენთანაც მოვიდნენ, აღარავინ დარჩა ხმის ამომღები... ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, ქალბატონებო და ბატონებო!", -  აღნიშნა ჯაფარიძემ. 

კომენტარები