უკრაინა

უკრაინის მთავრობამ პრორუსულ აქტივისტებს 48 საათიანი ულტიმატუმი წაუყენა

პოლიციის სპეცრზმი ხარკოვის ადმინისტრაციულ შენობასთან
euroradio.fm

 პრორუსულ აქტივისტებს, რომლებმაც ლუგანსკა და დონეცკში სახელმწიფო ადმინისტრაციულ და უსაფრთხოების შენობებთან ბარიკადები აღმართეს, უკრაინის ხელისუფლება 48 საათიან ულტიმატუმს უყენებს. აქტივისტებმა ლუგანსკსა და დონეცკში ვლადიმერ პუტინს დახმარებისთვის მოუწოდეს.  ბარიკადების მშენებლობა მიმდინარეობს ასევე ოდესაში. 

უკრაინის ხელისუფლების განცხადებით მიმდინარეობს სიტუაციის პოლიტიკური გადაწყვეტის გზების მოძიება, თუმცა არ გამორიცხავენ ძალისმიერი მეთოდებით აქტივისტების დაშლას. 

 "ვფიქრობ, კრიზისის გადაწყვეტა 48 საათში განისაზღვრება. არის ორი ვარიანტი – პოლიტიკური დარეგულირება და ძალისმიერი. ჩვენ მზად ვართ, ერთიც განვახორციელოთ და მეორეც" - განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა,  არსენ ავაკოვმა. 

უკრაინის მთავრობის თქმით, აღნიშნული ქმედებები რუსეთის მიერ არის ინსცენირებული. ხოლო მოსკოვი უარყოფს მათ ჩართულობას აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებში. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ, ცოტა ხნის წინ, რუს აგენტებს და სპეციალურ სამსახურებს ბრალი დასდო სეპარატისტული ქმედებების მხარდაჭერაში და აღნიშნა, რომ შესაძლოა რუსეთი ემზადებოდეს ყირიმის მსგავსი ინტერვენციის განსახორციელებლად. 

 

კომენტარები