სლოვაკეთის ვიცეპრემიერის ვიზიტი

მაია ფანჯიკიძემ სლოვაკეთის ვიცეპრემიერს უმასპინძლა

facebook.com/maiapanjikidzeofficial

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცეპრემიერს, საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრ მიროსლავ ლაიჩაკს უმასპინძლა. მხარეებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელეს - ეკონომიკურ, კულტურულ, საგანმანათლებლო და პოლიტიკის საკითხებში თანამშრომლობაზე. მიროსლავ ლაიჩაკმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა სლოვაკეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებაზე.

”მხარს ვუჭერთ საქართველოს მიერ არჩეულ კურსს ევროკავშირისა და NATO-სკენ. მოხარული ვარ, რომ ეს დადასტურდა თქვენ მიერ ჩატარებული საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებით. ეს ნიშნავს, რომ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ქართველი ხალხის კონსენსუსით ხდება. მკაფიოდ ვუჭერთ მხარს ივნისში საქართველოს მიერ ასოცირების და თავისუფალი და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერას. აქ ვიმყოფებით, რათა დაგეხმაროთ შეთანხმებების სისრულეში მოყვანაში. ახლა, როცა სექტემბერში NATO-ს სამიტისთვის ვემზადებით, დარწმუნებული ვარ მოკავშირეები იპოვიან გზებს, რათა  დაადასტურონ  ყველა ის მცდელობა და ვალდებულება, რასაც საქართველო იღებს თავდაცვის საკითხებში. სლოვაკეთიც, რა თქმა უნდა, იქნება ერთ-ერთი, რომელიც მხარს დაუჭერს მათ აღიარებას. რადგან გვჯერა თქვენი ქვეყნის განვითარების და გვწამს ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის პოტენციალის, გადავწყვიტეთ, საქართველოში საელჩოს გახსნა.”- თქვა ლაიჩაკმა.

საგარეო უწყებიდან მიროსლავ ლაიჩაკი მთავრობის კანცელარიაში გაემგზავრა, სადაც შეხვედრა საქართველოს პრემიერთან, ირაკლი ღარიბაშვილთან გამართა. ვიზიტის ფარგლებში იგეგმება საქართველოში სლოვაკეთის საელჩოსა და აკვაპარკის გახსნა, რომელიც სლოვაკური ინვესტიციით აშენდა. სლოვაკეთის დელეგაცია საქართველოს დღეს საღამოს დატოვებს.

კომენტარები