უგულავასა და კეზერაშვილის საქმე

უგულავა: დღევანდელ პროცესს ჰქვია - "მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანაო"

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას და დავით კეზერაშვილის პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე ბრალდების მხარის ხუთ მოწმეს დაკითხავენ. ესენი არიან ექსპერტები, რომლებიც ბრალდების მხარის ინფორმაციით, რიყის გასხვისების ეპიზოდზე მუშაობდნენ. სწორედ მათ მიერ მომზადებულ დასკვნას წარადგენს ბრალდების მხარე დღევანდელ პროცესზე. პროკურორის თქმით, მოწმეები დაადასტურებენ, რომ რიყის ტერიტორია საბაზრო ღირებულებაზე უფრო ძვირად გასხვისდა.

სხდომის დაწყებამდე განცხადება გააკეთა თავად გიგი უგულავამ. მისი თქმით, ბრალდების მხარე მტკიცებულებების გამოკვლევას განგებ აჭიანურებს, რათა საქმის დასრულება არჩევნების პერიოდს არ დაემთხვეს. 

"დღევანდელ პროცესს პირდაპირი მნიშვნელობით ჰქვია - "მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანაო", იმიტომ, რომ ყველა მოწმე, რომელიც დღეს დაიკითხება, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას წარმოადგენს. შესაბამისად, მათ მიერ დაწერილი დასკვნები პირდაპირ ნაკარნახევია პროკურატურისგან. არიან მთელი რიგი მოწმეები, რომლებიც უფრო საკვანძო თანამდებობებზე იყვნენ ან საკვანძო პირები არიან - დაწყებული ჯოზეფ ქეით და დამთავრებული თუნდაც დავით იაკობაშვილით, რომელიც საერთოდ არ დაკითხულა. არის კიდევ რამდენიმე მოწმე, რომლის გვარიც არ მახსოვს და რომელთა ჩვენებაც სასამართლოს უფრო სწრაფად მისცემს შესაძლებლობას გაარკვიოს, ვინ არის მტყუანი და ვინ - მართალი", - აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე.

საქმე რიყის ტერიტორიისა და ტელეკომპანია იმედის გასხვისებას ეხება. თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს გამოძიება სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ედავება.

საქმის განხილვა 2013 წლის შემოდგომიდან მიმდინარეობს. უკვე დაკითხულია ბრალდების 30 მოწმე.

კომენტარები