საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოცემა Foreign Policy-ში გამოაქვეყნა თავისი სტატია სახელწოდებით „ომი ახლოვდება - რატომ არ დამშვიდდება რუსეთის შეშლილი მეფე", რომელშიც რუსულ აგრესიაზე დასავლეთის არასაკმარის და სუსტ რეაქციაზე ამახვილებს ყურადღებას. იგი დასავლეთის ლიდერებს მოუწოდებს რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები აამოქმედონ. რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში დასავლეთს მომავალში ბევრად მაღალი ფასის გადახდა მოუწევს.
„მარტის დასაწყისში, ყირიმში რეფერენდუმის ინსცენირებითა და რეგიონის ანექსიით რუსეთმა ფუნდამენტი ჩაუყარა "ახალ პოლიტიკურ-სამართლებრივ რეალობას", როგორც მოსკოვი უწოდებს. ეს არის, ასე ვთქვათ, ახალი რუსული პარადიგმა უკანონო მსოფლიოსთვის. როგორც გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბუნდესტაგში გამოსვლისას განაცხადა, რუსეთმა შემოიტანა ჯუნგლების კანონი ცივილიზებულურ მსოფლიოში. ჩვენთვის, ვინც საკუთარ თავზე გამოვცადეთ ვლადიმერ პუტინის მცდელობა, თავიდან აიცილოს საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგები, რასაც ის მე-20 საუკუნის უდიდეს გეოპოლიტიკურ კატასტროფას უწოდებს, ის, რაც უკრაინაში ხდება, მოულოდნელი არ არის. მაგრამ ეს არ არის სპექტაკლის ბოლო აქტი", - წერს სააკაშვილი.
მისი აზრით, აშკარაა, რომ ამ ეტაპზე პუტინის გეგმა - დაიპყროს აღმოსავლეთ უკრაინა იქ რუსი მოსახლეობის მობილიზებით – ჩაიშალა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ იგი უკან დაიხევს.სააკაშვილი მიიჩნევს, რომ არეულობა აღმოსავლეთ უკრანაში გაგრძელდება, რათა რუსეთმა სამხედრო ჩარევისთვის საბაბი მიიღოს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი წერს, რომ რეს ბევრი პოლიტიკოსი დასავლეთში ვერ სწავლობს წარსულის გამოცდილებაზე და იგივე შეცდომებს უშვებს, რასაც მათი წინამორბედები ათეულობით წლის წინ". იგი იხსენებს რუსეთის ქმედებებს ჩეჩნეთსა და საქართველოში, რის შემდეგაც პუტინმა უკრაინის წინააღდეგ აგრესია განახორციელა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის აზრით, "ამ უამრავი მაგალითის მიუხედავად, დასავლეთს პუტინის აგრესიის არ ესმის ან კვლავაც მას პატიობს".
„ამ დღეებში ბევრი ექსპერტი დაკავებულია ფასეულობების გადაფასებით და ისმის თეზისი იმის შესახებ რომ დასავლეთმა NATO-სა და ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოება იჩქარა და რუსი დათვი ტყუილად გააღიზიანა. მათი დასკვნა ისაა, რომ რუსეთს ასეთი თავხედური ქცევის ერთ-ერთი მიზეზი დასავლეთის აქტიურობაა. ეს ინტელექტუალური თვითგვემის განსაკუთრებული სახეობაა და პუტინისთვის ეს დასავლეთის სისუსტის ნიშანია, რომელიც მას სითამამეს მატებს", - აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.
„ახლა ბევრი ექსპერტი საუბრობს „ინტერესების ასიმეტრიის" შესახებ, რაშიც იმას გულისხმობენ, რომ რუსეთს მეზობელი ქვეყნების ტერიტორიის ანექსიის უფლება აქვს იმ მიზეზით, რომ მათზე უფრო მეტად იზრუნებს, ვიდრე დასავლეთი. სხვები კი მიიჩნევენ, რომ უნდა შევეგუოთ აზრს, რომ ყირიმი „დაიკარგა" და რუსეთი მას არასოდეს დააბრუნებს. ეს ზუსტად ისაა, რაც მე მითხრეს 2008 წლის ზაფხულში - უნდა შევგუებოდი აზრს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის ნაწილი, „სამუდამოდ" დაიკარგა", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
იგი პარალელებს ავლებს მეორე მსოფლიო ომის წინ ევროპისნ ქვეყნების პოლიტიკასთან, რომლებმაც გერმანიას სუდეტის ოლქის მიტაცების ნება დართეს და აღნიშნავს, რომ მსგავსი მიდგომებით, "ყველაზე დიდი მსხვერპლი დასავლეთისთვის იქნება არა ის ქვეყნები, რომლებიც უკვე არიან ან ისწრაფვიან მოკავშირეობისკენ, არამედ პრინციპები, რომლებზეც დგას დასავლეთი. სიმაღთლე ისაა, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა უბრალოდ დაისაჯნენ რუსეთის მიერ მათი სურვილისთვის, იცხოვრონ თავისუფალ და დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომელიც განსხვავდება პუტინის მოდელისგან".
სააკაშვილის აზრით, რუსეთი წარმოადგენს ყველაზე დიდ საფრთხეს მსოფლიო წესრიგისთვის 1979 წელს ავღანეთში საბჭოთა კავშირის შეჭრის შემდეგ. დრეს დასავლეთს რუსეთზე ბევრად მეტი უპირატესობა აქვს, ვიდრე მაშინ, მაგრამ მისი გამოყენება დღევანდელ ლიდერებს არ სურთ.
სააკაშვილის აზრით, დასავლელი ექსპერტების მიერ რუსეთის არასწორი აღქმა იმაში ვლინდება, რომ მათ არ ესმით სხვაობა საბჭოთა ნომენკლატურასა და დღევანდელი რუსეთის კორუმპირებულ ელიტას შორის და არასათანადოდ აფასებენ მის დამოკიდებულებას საკუთარ ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე დასავლეთში. მისი აზრით, მოსკოვში გადაწყვტილებების მიმღები პირები დასავლეთზე ფინანსურად და მორალურად უფრო დამოკიდებულნი არიან, ვიდრე ბრეჟნევის ეპოქის ბიუროკრატები. „სანქციებს შეუძლია ეს ჯგუფი პუტინის უახლოეს გარემოცვას ჩამოაშოროს, მაგრამ ეს სანქციები უფრო საგრძნობი და ყოვლისმომცველი უნდა იყოს", - წერს სააკაშვილი.
"მიუხედავად პრეზიდენტ ბარაკ ობამას რიტორიკისა, დასავლეთს და განსაკუთრებით ევროპას, არც თუ ისე ძალიან სურს უფრო მკაცრი სანქციების შემოღება. ცივი ომის პერიოდისგან განსხვავებით, დასავლური კომპანიები გაცილებით მეტ სარგებელს იღებენ დღევანდელი რუსეთისგან და ისინიც აუცილებლად დაზარალდებიან. მაგრამ სანქციების პირველი ეტაპის შემდეგ, აქციების ფასმა ისევ აიწია, ბაზრები დასტაბილურდა, რადგან ვერავინ დაინახა ამ ზომების შორსმიმავალი შედეგები. და როგორ უნდა დასავლეთს, რომ პუტინმა სერიოზულად აღიქვას ის, როდესაც დასავლეთის ალიანსის განზრახვების სერიოზულობის უოლ სტრიტსაც კი არ სჯერა?! დილემა მარტივია: სურს დასავლეთს გადაიხადოს ეს ფასი ახლა, თუ გადაწყვეტილების მიღება გადადოს გადაიხადოს გაცილებით ძვირი მომავალში?!", - აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.
„არჩევანი ყველაზე უკეთ სამედიცინო ტერმინოლოგიაში შეიძლება იყოს აღწერილი. სიმსივნემ რუსეთის აგრესიის სახით პირველად საქართველოში იჩინა თავი, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოებამ გადაწყვიტა, დიაგნოზისთვის ყურადღება არ მიექცია და დაავადებისთვის ასპირინით ემკურნალა. ყირიმი არის მეტასტაზი იმისა, რაც საქართველოში მოხდა, მაგრამ დასავლეთი კვლავ გამორიცხავს ქირურგიულ (სამხედრო) ჩარევას, რადგან ეს დიდ რისკს უკავშირდება. მაგრამ, სულ მცირე, მან უნდა მიმართოს ქიმიოთერაპიას. დიახ, ეს ნიშნავს, რომ დასავლეთი, განსაკუთრებით ევროპული კომპანიები, მოკლევადიან პერსპექტივაში იგრძნობენ თავიანთი პრეპარატების შედეგებს. მაგრამ შორსმიმავალ პერსპექტივაში ეს მტკივნეული დოზა არის ერთადერთი საშუალება მოკლას კობო სახელად პუტინი", - წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.
იგი საერთაშორისო თანამეგობრობას უინსტონ ჩერჩილის სიტყვებს ახსენებს: "თქვენ გქონდათ არჩევანი ომსა და სირცხვილს შორის. აირჩიეთ სირცხვილი და ამიტომ მიიღებთ ომს". "რა თქმა უნდა, თანამედროვე პოლიტიკოსებისგან, რომლებიც სოცილოგიური გამოკითხვებითა და შუალედური არჩევნებით არიან გართულები, ჩვენ არ უნდა ველოდოთ, რომ ისინი ყოველთვის ჩერჩილს მიბაძავენ. მაგრამ როგორც მინიმუმ, მათ არ უნდა სურდეთ შევიდნენ ისტორიაში, როგორც 21-ე საუკუნის ნევილ ჩემბერლენები ", - წერს მიხეილ სააკაშვილი.





