რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

სესიაშვილი: შესაძლოა, რუსეთს სომხეთსა და ირანთან სახმელეთო კავშირი მართლა სურს

radiotavisupleba.ge

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, აშშ-ის კონგრესის სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარის მაიკ როჯერსის ვარაუდი, რომ შესაძლოა, რუსეთს საქართველოს გავლით სომხეთსა და ირანთან სახმელეთო კავშირის დამყარება სურს, უსაფუძვლო არ არის. სესიაშვილმა ტაბულას უთხრა, რომ როჯერსის მოსაზრება ლოგიკურია, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად გამართლდება.

"ამ ვარაუდს საფუძველი აქვს, რადგან სომხეთს ფაქტობრივად სატრანზიტო კავშირი აქვს ძირითადად საქართველოდან. მას მხოლოდ თავის მეზობლებთან აქვს ურთიერთობა - ირანთან და საქართველოსთან, ირანთან ნაკლებად, უფრო მეტად საქართველოსთან, ამიტომ, საქართველო არის მისთვის ძირითადი სატრანზიტო საშუალება. ასევე, ლოგიკურია ამ ვარაუდის გამოთქმა იმ კონტექსტში, როდესაც რუსეთს თავისი ბაზები ჰყავს სომხეთში და ცხადია, მისი მომარაგება სურს უფრო მეტად სახმელეთო გზით, რათა ეს ყველაფერი უფრო იაფი და ეფექტური დაუჯდეს. როჯერსის ვარაუდი ასევე ლოგიკურია იმ კონტექსტში, როდესაც რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართალს, მსოფლიო წესრიგს და მოქმედებს არაპროგნოზირებულად. ამიტომ, ამ ვარაუდის გამოთქმის საფუძველი არსებობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ასე მოხდება", - განაცხადა სესიაშვილმა.

რაც შეეხება რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართულებით სამხედრო ძალების გადაადგილებას და ე.წ სამხრეთ ოსეთში თანამედროვე აღჭურვილობის შეტანას, სესიაშვილი ამბობს, რომ ეს პროცესი ახლა არ დაწყებულა.

"აგვისტოს ომის შემდგომ, ე.წ. სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული რუსული ბაზა მეტ-ნაკლებად ყოველთვის უზრუნველყოფილი იყო თანამედროვე ტექნიკით, ასევე, ბაზების კომპლექტაცია მოხდა მაშინ და ეს პროცესი ახლა არ დაწყებულა. პირველად ომის შემდეგ მოხდა კომპლექტაცია და ის რესურსი დღემდეა შენარჩუნებული. შეიძლება ითქვას, რომ ახლა უფრო ნაკლებად არის დაკომპლექტებული, ვიდრე აგვისტოს ომის დროს იყო. სამხედრო გადაადგილებებია ასევე ჩრდილო კავკასიაში მიმდინარე წვრთნები. მიუხედავად იმისა, რომ ეს გეგმიური წვრთნებია და რუსეთს წინასწარ ჰქონდა მისი ჩატარება განზრახული, რა თქმა უნდა, მაინც იმსახურებს ჩვენს ყურადღებას და ვაკვირდებით, რა ტიპის წვრთნებს ატარებს და რა სავარაუდო მიზანი შეიძლება ჰქონდეს. ანუ ეს არის უბრალოდ წვრთნა, რომ მათმა ჯარმა შეინარჩუნოს საბრძოლო მზადყოფნა და წვრთნა წვრთნისთვის, თუ ეს არის გარკვეული პოლიტიკური სიგნალი უკრაინის მოვლენების ფონზე", - თქვა სესიაშვილმა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარე მაიკ როჯერსი აცხადებს, რომ უკრაინის კრიზისის პარალელურად, რუსეთმა საქართველოს მიმართულებით სამხედრო ძალების გადაადგილება დაიწყო. საქართველოს გარშემო შექმნილი ვითარება როჯერსმა ტელეკომპანია ფოქს ნიუსის ეთერში უკრაინის კრიზისზე საუბრისას ახსენა და გამოთქვა ვარაუდი, რომ, შესაძლოა, რუსეთს საქართველოს გავლით სომხეთსა და ირანთან სახმელეთო კავშირის დამყარება სურს. "გვაქვს ორი საკითხი, უკრაინისა და საქართველოსი, რომელიც ერთდროულად ვითარდება. სამხრეთ ოსეთში რუსეთს თანამედროვე აღჭურვილობა შეაქვს, ამის მიზეზი მათ არ გააჩნიათ. საქართველოს სამხედრო ძალები მათთვის რეალურ საფრთხეს არ წარმოადგენს. მინდა სამხრეთის მიმართულებას შევხედოთ. არსებობს რეალური საფრთხე. მაინტერესებს რატომ მიმდინარეობს აღჭურვილობის გადატანა საქართველოში, სამხრეთ ოსეთში, რომელსაც არანაირი აზრი არ გააჩნია, გარდა იმისა, რომ მათ შესაძლოა იმედი აქვთ, რომ ჯავშანტექნიკის კოლონებით, საქართელოს გავლით, სომხეთს მიაღწევენ და ირანში სახმელეთო გზას გაჭრიან", - მოსაზრება გამოთქვა როჯერსმა.

კომენტარები