პანორამა-თბილისი

ნიკა მელია: პირობა მინდა დავდო, რომ პანორამა-თბილისი ვერ განხორციელდება

ნიკა მელია
epn.ge

„პირობა მინდა დავდო, რომ პროექტი პანორამა - თბილისი ვერ განხორციელდება“, - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია აცხადებს. მისი თქმით, აღნიშნული პროექტი ძველ თბილისს უნიკალურობას დაუკარგავს. როგორც მელიამ აღნიშნა, პროექტი პანორამა - თბილისი დედაქალაქს არ სჭირდება.

„რამდენად გავლენიან ადამიანსაც არ უნდა გასჩენოდა ეს სურვილი, რეალურად ეს არის პროექტი, რომელიც ძველი თბილისის ხასიათს და რიტმს აბსოლუტურად დაარღვევს და იმ უნიკალურობას, რაც ძველ თბილისს ახასიათებს, დაკარგავს.

პანორამა - თბილისი ნამდვილად არ სჭირდება თბილისს. ძველი თბილისის რაიონში უამრავი ავარიული სახლია და ეს 600 მილიონი ლარი, თუ დოლარი, უმჯობესია, უნიკალური სახლების კაპიტალურ გამაგრებებს მოხმარდეს.

წინა წლებში ძველ თბილისში რამდენიმე პროექტი განხორციელდა, რომელთან დაკავშირებით დადებითი პოზიცია ნამდვილად არ მაქვს. ძველი თბილისის უბნებში მაღალსართულიანი სახლების არსებობა არ მომწონს“, - აცხადებს მელია. 

დღეს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერია თანაინვესტირების ფონდის პროექტის პანორამა - თბილისის საჯარო განხილვას იწყებს. როგორც მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, თბილისის მერია პანორამა - თბილისის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს ითვალისწინებს და ყველა დაინტერესებულ პირს ამ პროექტის განხილვაში მონაწილეობას სთავაზობს, რისთვისაც მათ 8 აპრილს თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის სხდომაზე დასასწრებად იწვევს.

ცნობისთვის, თანაინვესტირების ფონდი თბილისში პროექტს სახელწოდებით პანორამა - თბილისი განახორციელებს. პროექტი ოთხ მრავალფუნქციურ კომპლექსს - 1. სოლოლაკის მაღლობი, 2. სოლოლაკის ბაღები, 3. თავისუფლების მოედანი და 4. ერეკლე მეორის მოედანი - გააერთიანებს. პროექტის ფარგლებში ქალაქის ცენტრალური და ისტორიული უბნები საბაგირო გზებითა და დახრილი ლიფტებით დაუკავშირდებიან გამწვანებულ შემოგარენს.

კომენტარები