პანორამა-თბილისი

საია და ჰამქარი: პანორამა-თბილისმა კულტურული მემკვიდრეობა არ უნდა ხელყოს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ტფილისის ჰამქარი თანაინვესტირების ფონდის პროექტს პანორამა - თბილისს ეხმაურებიან. როგორც ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ისეთი მასშტაბური პროექტის განხორციელება, როგორიც პანორამა -თბილისია, კულტურული მემკვირეობის სათანადოდ დაცვის შესაძლებლობას ეჭვის ქვეშ აყენებს. აქვე ნათქვამია, რომ პროექტის განხორციელება თბილისის ისტორიულ ნაწილში იგეგმება, სადაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კონცეტრაცია მაღალია.

„ამ დრომდე უცნობია პროექტის შესაბამისობა კულტურულ მემკვიდრეობასთან. ამასთან, ინფორმაციის ის მცირე ნაწილი, რაც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, კულტურული მემკვიდრეობისთვის, როგორც ღირებულებისთვის, უპირატესობის მინიჭებას არ ემსახურება. სიტუაციას ართულებს ისიც, რომ მიუხედავად კანონის მოთხოვნისა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დღემდე  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკის დოკუმენტი არ გააჩნია. ასევე, თბილისს, როგორც ქალაქს, განაშენიანების რეგულირების გეგმა არ აქვს. ამ ფონზე ისეთი მასშტაბური პროექტის განხორციელება, როგორიც პანორამა - თბილისია, ეჭვის ქვეშ აყენებს კულტურული მემკვიდრეობის სათანადოდ დაცვის შესაძლებლობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

მათივე თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ თანაინვესტირების ფონდი კერძო სამართლის იურიდიული პირია და მისი კაპიტალი კერძო ფინანსებით იქმნება, შესაძლოა, ამგვარი ფინანსების ხარჯვამ პროექტის გამჭვირვალობა და საჯაროობა მნიშვნელოვნად შეამციროს.  

„ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის ინვესტიციებს და ეკონომიკურ განვითარებას, თუმცა გვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ როგორც საქართველოს მთავრობამ, ასევე თბილისის თვითმმართველობამ ყველაფერი უნდა იღონონ საიმისოდ, რომ ინვესტიციების და ეკონომიკური ინტერესის სახელით არ მოხდეს კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფა, რომელიც ისედაც მძიმე მდგომარეობაშია და სახელმიფოს მხრიდან სერიოზული ნაბიჯების გადადგმას საჭიროებს.

მივმართავთ თბილისის არქიტექტურის სამსახურს, პანორამა - თბილისის პროექტისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობა მხედველობაში მიიღოს და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება გამოიყენოს, რომელიც იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება პირთა ფართო წრის ინტერესს ეხება, შესაძლოა გამოყენებული იქნეს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება“, - წერია განცხადებაში.

მათივე განმარტებით, ადმინისტრაციული წარმოების საჯარო წესით ჩატარება, ერთი მხრივ, გადაწყვეტილების მიღების მაღალ გამჭვირვალობას, ხოლო მეორე მხრივ, ყველა დაინტერესებული პირის პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობას უზრუნველყოფს.

ცნობისთვის, თანაინვესტირების ფონდი თბილისში პროექტს სახელწოდებით პანორამა - თბილისი განახორციელებს. პროექტი ოთხ მრავალფუნქციურ კომპლექსს - 1. სოლოლაკის მაღლობი, 2. სოლოლაკის ბაღები, 3. თავისუფლების მოედანი და 4. ერეკლე მეორის მოედანი - გააერთიანებს. პროექტის ფარგლებში ქალაქის ცენტრალური და ისტორიული უბნები საბაგირო გზებითა და დახრილი ლიფტებით დაუკავშირდებიან გამწვანებულ შემოგარენს.

კომენტარები