პრეზიდენტის ვიზიტი პოლონეთში

პოლონეთში გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

Giorgi Margvelashvili Official

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი  ოფიციალური ვიზიტით პოლონეთს ეწვია. პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეში ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა, რის შემდეგაც ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს როგორც პირისპირ, ისე გაფართოებული შემადგენლობით შეხვდებიან. 

გიორგი მარგველაშვილი და ბრონისლავ კომროვსკი პოლონური და ქართული მედიისათვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

დღეს მარგევლაშვილი  უცნობი ჯარისკაცის მემორიალს გვირგვინით შეამკობს. საქართველოს პრეზიდენტი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად პოლონეთის სეიმის მარშალს ევა კოპაჩის შეხვდება. ასევე იგეგმება საქართველოს პირველი პირისა და სენატის მარშალ ბოგდან ბორუსევიჩის შეხვედრა. გიორგი მარგველაშვილი შეხვედრას პოლონეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთანაც გამართავს.

როგორც მარგველაშვილის პრესსამსახურში აცხადებენ, ბრონისლავ კომოროვსკი და ანა კომოროვსკა გიორგი მარგველაშვილის და მაკა ჩიჩუას პატივსაცემად სადილს გამართავენ. 

მათივე ცნობით, დაგეგმილია შეხვედრა პოლონეთის პრემიერმინისტრთან დონალდ ტუსკთან. 3 აპრილს საქართველოს პრეზიდენტი კრაკოვში გაემგზავრება, სადაც ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს დაესწრება. 

პრეზიდენტთან ერთად ქართული დელეგაციის შემადგენლობაში ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ზურაბ აბაშიძე და ზვიად კვაჭანტირაძე, პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ივანე მაჭავარიანი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა აბაშიძე არიან.

გიორგი მარგველაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი პოლონეთში ორ დღეს გასტანს და ის საქართველოში 3 აპრილს დაბრუნდება.

კომენტარები