თავდასხმა ნუგზარ წიკლაურზე

უმცირესობა წიკლაურზე თავდასხმის ფაქტის გამოსაძიებლად კომისიის შექმნას ითხოვს

timer.ge

საპარლამენტო უმცირესობა დეპუტატ ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმის ფაქტის გამოსაძიებლად სპეციალური კომისიის შექმნას ითხოვს. ამის შესახებ უმცირესობის წევრმა გია ბარამიძემ პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ბარამიძემ აღნიშნა, წიკლაურზე თავდასხმა დეპუტატის დაშინების, მისი გატაცების მცდელობა  იყო. 

„ყველამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ ეს ფაქტი ბოლომდე უნდა იყოს გამოძიებული, მაგრამ გამოძიებული ჩვენი მონაწილეობით. აუცილებელია შეიქმნას შესაბამისი კომისია, რომელიც ამ საკითხს შეისწავლის, იმიტომ, რომ ამ ფაქტით პროკურატურამ გადააბიჯა ყოველგვარ წითელ ზღვარს, ისევე როგორც ამ ზღვარს შალვა თათუხაშვილის სიკვდილამდე მიყვანის ფაქტით გადააბიჯა“, - განაცხადა ბარამიძემ.

ბარამიძემ ასევე აღნიშნა, რომ პროკურატურა დღეს პოლიტიკური ბრძოლის იარაღია.

„პროკურატურა ამ ქვეყანაში იდეალური არასდროს ყოფილა და მას პრობლემები და ხარვეზები ჰქონდა, არათუ არ გამოსწორებულა ეს ხარვეზები და პრობლემები, არამედ ბევრად უფრო გაღრმავდა და პრობლემატური გახდა“, - განაცხადა ბარამიძემ. 

ნუგზარ წიკლაურს თავს 30 მარტს ღამით დაესხნენ. მისი თქმით, სახლთან სამი მანქანით 7-8 ნიღბიანი პირი დახვდა, რომელთაც მისი გატაცება სცადეს. დეპუტატის განცხადებით, თავდამსხმელებმა ელექტროშოკიც გამოიყენეს.

ნაციონალური მოძრაობა საქმის უმოკლეს ვადაში გამოძიებას ითხოვს. პარტია მომხდარზე პასუხისმგებლობას "ამჟამინდელ მთავრობას, პირადად დე იურე პრემიერ ღარიბაშვილსა და პასუხისმგებლობა გაქცეულ დე ფაქტო მმართველ ბიძინა ივანიშვილს აკისრებს".

ნუგზარ წიკლაური მასზე განხორციელებული თავდასხმის გამო, საკუთარ სახლში დაკითხეს. საპარლამენტო უმცირესობის წევრს ექსპერტიზაც ჩაუტარდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ნუგზარ წიკლაურის ცემის საქმის გამოძიება პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირად კონტროლზე აიყვანა. გუშინვე ცნობილი გახდა, რომ  წიკლაურზე თავდასხმის საქმე, რომელსაც დიდუბის პროკურატურა იძიებდა, მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს გადაეცა. 

 

კომენტარები