თავდასხმა ნუგზარ წიკლაურზე

ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმის საქმის გამოძიება მთავარ პროკურატურას გადაეცა

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატ ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმის საქმე, რომელსაც დიდუბის პროკურატურა იძიებდა, მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს გადაეცა. ამის შესახებ წიკლაურის ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი აცხადებს.

საქმის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. ადვოკატი უფრო მძიმე კვალიფიკაციის - თავისუფლების უკანონო აღკვეთის დამატებას ითხოვს.

„მტკიცებულებები ამის საფუძველს გვაძლევს, ვინაიდან ნუგზარ წიკლაურს თავისუფლება  აღუკვეთეს და მის მოტაცებას ცდილობდნენ. რაც შეეხება სხვა ახალ გარემოებებს, ჩვენთვის ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. ჩვენ გამოძიებას დეტალური ჩვენება მივაწოდეთ, სადაც ერთ-ერთი თავდამსხმელის ავტომობილის სანომრე ნიშანია დაფიქსირებული. ასევე არიან თვითმხილველი მოწმეები, არის უამრავი სათვალთვალო ვიდეოკამერა, სადაც აღნიშნული ინციდენტი, შესაძლებელია, დაფიქსირებული ყოფილიყო. ამიტომაც ველოდებით, რომ უახლოეს მომავალში აღნიშნული საქმე უნდა გაიხსნას. თუ, რა თქმა უნდა, მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის მხრიდან კვალიფიციური მიდგომა იქნება“, - აცხადებს ადვოკატი.

კონდახაშვილი გამოძიების კვალიფიკაციის შეცვლას ჯანმრთელობის დაზიანების უფრო მძიმე ხარისხზეც ვარაუდობს.

„აქ არა მხოლოდ მსუბუქი დაზიანებაა. ექსპერტიზის შემდგომ ეს კვალიფიკაცია დაზუსტდება და შესაძლებელია გადაკვალიფიცირება ჯანმრთელობის დაზიანების უფრო მძიმე ხარისხზე მოხდეს. ჯერჯერობით ექსპერტიზის პასუხი არ არის, გუშინ ჩატარდა ექსპერტიზა, დათვალიერდა ის უამრავი დაზიანებები, რაც ნუგზარ წიკლაურს სახისა და ტანის არეში აქვს, ასევე მას ტვინის შერყევა აქვს“, - ამბობს ადვოკატი.

დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ნუგზარ წიკლაურის ცემის საქმის გამოძიება პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირად კონტროლზე აიყვანა.

ნუგზარ წიკლაურს თავს 30 მარტს ღამით დაესხნენ. მისი თქმით, სახლთან სამი მანქანით 7-8 ნიღბიანი პირი დახვდა, რომელთაც მისი გატაცება სცადეს. დეპუტატის განცხადებით, თავდამსხმელებმა ელექტროშოკიც გამოიყენეს.

ნაციონალური მოძრაობა საქმის უმოკლეს ვადაში გამოძიებას ითხოვს. პარტია მომხდარზე პასუხისმგებლობას "ამჟამინდელ მთავრობას, პირადად დე იურე პრემიერ ღარიბაშვილსა და პასუხისმგებლობა გაქცეულ დე ფაქტო მმართველ ბიძინა ივანიშვილს აკისრებს".

ნუგზარ წიკლაური მასზე განხორციელებული თავდასხმის გამო, გუშინ საკუთარ სახლში დაკითხეს. საპარლამენტო უმცირესობის წევრს ექსპერტიზაც ჩაუტარდა. 

კომენტარები