თავდასხმა ნუგზარ წიკლაურზე

ბოკერია: ხელისუფლება ოპოზიციის მიმართ სიძულვილს და აგრესიას თვითონ აღვივებს

გიგა ბოკერია
tabula.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივნის გიგა ბოკერიას განცხადებით, ხელისუფლება თავად აღვივებს საპარლამენტო ოპოზიციის მიმართ სიძულვილს და აგრესიას საზოგადოების ნაწილში. ბოკერიამ გადაცემა არჩევანში შს მინისტრის იმ განცხადებას უპასუხა, სადაც ალექსანდრე ჭიკაიძე ამბობს, რომ ნუგზარ წიკლაურის ცემასთან დაკავშირებით ხელისუფლების დადანაშაულება სრულიად გაუგებარია, რადგან ნაციონალური მოძრაობის მიმართ საზოგადოებაში აგრესიაა.

"ეს არის ნაწილი იმ ნარატივის და ესეც გვაგონებს ამ ტიპის რეჟიმს, რომ თვითონ აღვივებენ ამ სიძულვილს, ხელს აფარებენ, პირდაპირ კავშირში არიან იმ ჯგუფებთან, რომლებიც ძალადობას სჩადიოდნენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და ახლაც ძალადობენ ანუ ამ ტიპის ღია ყაჩაღურ თავდასხმებზე გადადიან მოტაცების მიზნით, რაც ნუგზარ წიკლაურის შემთხვევაში ვიხილეთ. მერე გამოდის და ამბობს, რომ ჩვენ გიცავთო. სხვათა შორის, ამ ტიპის განცხადება სხვებმაც გააკეთეს, დღევანდელი კოალიციის უფრო ლიბერალურმა ფრთამაც - მადლობელი იყავით, რომ საერთოდ ცოცხლები ხართო. ეს არის მუქარის ნაწილი, ასე ემუქრები იმათ, ვისი განადგურებაც გინდა. მათ უნდა დაიცვან კანონი და დასაჯონ ის, ვინც ძალადობს და თვითონ არ უნდა იყვნენ დაკავებული ამ კლიმატის შექმნით. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, როგორ იცავენ ისინი წესრიგს, მაშინ როცა ეს პოლიტიკურ ოპონენტებს ეხება", - განაცხადა ბოკერიამ.

შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის ცემასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ხელისუფლების დადანაშაულება სრულიად გაუგებარია. მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობის მიმართ საზოგადოებაში არის აგრესია. აღნიშნული მან გაზეთ პრაიმტაიმთან ექსკლუზიურ ინტერვიუში თქვა.

"გამოძიება დაიწყო 125-ე მუხლით, ცემის ფაქტზე. იძიებდა დიდუბე-ჩუღურეთის პროკურატურა, თუმცა რამდენადაც ვიცი, მათივე მოთხოვნით საქმე მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გადავიდა. დაიკითხა რამდენიმე პიროვნება, თვითმხილველები, რომლებიც ამბობენ, რომ სამ კაცზე მეტი არ შეუნიშნავთ ამ ინციდენტის დროს. თავად ბატონი ნუგზარი ამბობს, რომ 9 კაცი დაესხა თავს, გამოიყენეს ელექტროშოკი და სცადეს გატაცება. ვნახოთ, გამოძიება რას დაადგენს, რეალურად რა მოხდა. არ აქვს მნიშვნელობა რაოდენობას, ვინც დააშავა, ნებისმიერი პიროვნება პასუხს აგებს კანონის შესაბამისად. ამ შემთხვევაშიც ხელისუფლების დადანაშაულება სრულიად გაუგებარია. არ მესმის, რაში აწყობდა ხელისუფლებას ოპოზიციონერი დეპუტატის ცემა? ზოგადად, ნაციონალური მოძრაობის მიმართ საზოგადოებაში არის აგრესია და ხშირად მიწევს მითითების მიცემა, რომ პოლიციამ მაქსიმალურად უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება მოქალაქეებისგან. ამისთვის პოლიციას მადლობა მინდა გადავუხადო, რადგან მათ ესმით, რომ თითოეული ადამიანი, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, არის ამ ქვეყნის მოქალაქე", - აღნიშნავს ჭიკაიძე.

ნუგზარ წიკლაურს თავს 30 მარტს ღამით დაესხნენ. მისი თქმით, სახლთან სამი მანქანით 7-8 ნიღბიანი პირი დახვდა, რომელთაც მისი გატაცება სცადეს. დეპუტატის განცხადებით, თავდამსხმელებმა ელექტროშოკიც გამოიყენეს. ნაციონალური მოძრაობა საქმის უმოკლეს ვადაში გამოძიებას ითხოვს. პარტია მომხდარზე პასუხისმგებლობას "ამჟამინდელ მთავრობას, პირადად დე იურე პრემიერ ღარიბაშვილსა და პასუხისმგებლობა გაქცეულ დე ფაქტო მმართველ ბიძინა ივანიშვილს აკისრებს".

ვიცეპრემიერის კახა კალაძის შეფასებით, ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმა "შეიძლება, რაღაც გაუგებრობა იყოს ადამიანებს შორის, იგივე შეიძლება ბატონ წიკლაურს  რაღაც გაუგებრობა ჰქონდა, შეიძლება პირადიც ყოფილიყო". 

ხოლო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის აზრით, დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის ცემა "გამწარებული ხალხის გაკეთებულს უნდა ჰგავდეს".

 

კომენტარები