თავდასხმა ნუგზარ წიკლაურზე

წიკლაურის ადვოკატი: საქმის გახსნისთვის გამოძიებას ყველა საფუძველი აქვს

ადვოკატ გიორგი კონდახაშვილის განცხადებით, გამოძიებას დეპუტატ ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმის საქმის უახლოეს მომავალში გასახსნელად ყველა საფუძველი აქვს.

„დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ გამოძიებას, საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, როგორიცაა ერთ-ერთი თავდამსხმელის ავტომანქანის სანომრე ნიშანი, ასევე არიან თვითმხილველი მოწმეები და ყველა საფუძველი აქვს გამოძიებას, თუკი შესაბამისი მიდგომა იქნება, რომ ეს საქმე უახლოეს მომავალში გაიხსნას“, - აცხადებს კონდახაშვილი.

დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ნუგზარ წიკლაურის ცემის საქმის გამოძიება პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირად კონტროლზე აიყვანა.

ნუგზარ წიკლაურს თავს 30 მარტს ღამით დაესხნენ. მისი თქმით, სახლთან სამი მანქანით 7-8 ნიღბიანი პირი დახვდა, რომელთაც მისი გატაცება სცადეს. დეპუტატის განცხადებით, თავდამსხმელებმა ელექტროშოკიც გამოიყენეს.

ნაციონალური მოძრაობა საქმის უმოკლეს ვადაში გამოძიებას ითხოვს. პარტია მომხდარზე პასუხისმგებლობას "ამჟამინდელ მთავრობას, პირადად დე იურე პრემიერ ღარიბაშვილსა და პასუხისმგებლობა გაქცეულ დე ფაქტო მმართველ ბიძინა ივანიშვილს აკისრებს".

„მომხდარი უაღრესად საგანგაშო ფაქტია, როდესაც პარლამენტის წევრზე პირდაპირი ფიზიკური შეტევა მიმდინარეობს, ეს ზეწოლა აღარ იყო, ეს პარლამენტის წევრის წინააღმდეგ ორგანიზებული, დაგეგმილი შეტევა იყო, მისი გატაცების მცდელობით, ამიტომ აუცილებელია აღნიშნული საქმე უმოკლეს ვადაში იქნას გამოძიებული და უმოკლეს ვადაში უმკაცრესდ დაისაჯოს  ყველა ის შემკვეთი და მონაწილე, ვისი მონაწილეობით და შეკვეთითაც ეს აქტი განხორციელდა“, - აცხადებს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე.

ნუგზარ წიკლაური  მასზე განხორციელებული თავდასხმის გამო, გუშინ საკუთარ სახლში დაკითხეს. საპარლამენტო უმცირესობის წევრს ექსპერტიზაც ჩაუტარდა. 

კომენტარები