ანაკლიის პორტი

პრემიერი იმედოვნებს, რომ ანაკლია მსხვილ საპორტო პუნქტად იქცევა

facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ნარმანიასთან ერთად ანაკლიის ნაპირსამაგრი სამუშაოები დაათვალიერა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღარიბაშვილმა ანაკლიის ზღვისპირა ზოლის ათვისების მიმართულებით ხელისუფლების ხედვაზე ისაუბრა.

"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,რომ ზღვისპირა ზოლის ათვისება და განვითარება აფხაზეთთან ახლოს ხდება. ამ ადგილების განაშენიანება, საერთაშორისო სტანდარტებით მოწყობილი ინფრასტუქტურა და ზოგადად პროგრესი, არ შეიძლება, საინტერესო არ იყოს ჩვენი აფხაზი ძმებისთვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრესსამსახურის ცნობით, პრემიერი იმედოვნებს, რომ ანაკლია მსხვილ საპორტო პუნქტად იქცევა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ანაკლიაში განაცხადა, მთავრობის დავალებით, ამ მიმართულებით საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე საინჟინრო-საკონსულტაციო იაპონური კომპანიები დეტალურ კვლევას ატარებენ.

პრემიერმინისტრის ინფორმაციით, უკვე არსებობს ახალი პორტის რამდენიმე პროექტი, რომელთა დაფინანსებისთვის საჭირო სახსრების მოსაზიდად საპარტნიორო ფონდი მუშაობს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, წინასწარი შეფასებით, ანაკლიის პორტში უნდა განვითარდეს ლოჯისტიკური და ინდუსტრიული ზონები; უნდა აშენდეს საერთაშორისო აეროპორტი; უნდა გაკეთდეს თხევადი გაზის ტერმინალი.

"პრემიერმა ხაზი გაუსვა ნაპირსამაგრი სამუშაოების მნიშვნელობას და განმარტა, რომ შედეგად ანაკლიაში ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება წყალდიდობის პრობლემა; ასევე, ფოთი-ანაკლიის წყალმომარაგების დიდი პროექტის ფარგლებში გადაწყდება სასმელი წყლის მიწოდების საკითხიც.

აღნიშნული პროექტით დაინტერესებულია ამერიკული საინვესტიციო ჰოლდინგი - "კონტი ჯგუფი", რომლის პრეზიდენტ კურტ კონტის საქართველოს პრემიერმინისტრი აშშ-ში ვიზიტისას შეხვდა. „კონტი ჯგუფს" შემუშავებული აქვს ანაკლიის პორტის განვითარების სამფაზიანი პროექტი, რომელიც წლიურად 100 მილიონი ტონის ტვირთბრუნვას ითვალისწინებს", - წერია პრესსამსახურის განცხადებაში.

ღარიბაშვილის თქმით, სამეგრელოში მასშტაბური პორტის არსებობა ადგილობრივი მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილების გაჩენას ნიშნავს.

"სამეგრელოში მასშტაბური პორტის არსებობა ნიშნავს ადგილობრივი მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილების გაჩენას. პროექტი დიდ სარგებელს მოუტანს მთელ ქვეყანას და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში", - თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა.

კომენტარები