საზოგადოება

ჭორი, როგორც საბჭოთა მემკვიდრეობა

დაკვირვებიხართ, თუ როგორ ეფექტიანად მუშაობს „ჭორი“ ჩვენს საზოგადოებაში? რამდენად სწრაფად ახერხებს გავრცელებას და გარკვეული აზრის ფორმირების ხელშეწყობას? ყოველთვის მაკვირვებდა ქართული საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ გამომჟღავნებული დაუფარავი მისწრაფება ალოგიკური, დაუსაბუთებელი ან უბრალოდ აბსურდული ინფორმაციის მიმართ. სწორედ ეს ტენდენცია მიბიძგებს, გავიაზრო ჭორის როლი თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში, რადგან ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი შემთხვევითი არ არის.

გაიხსენეთ ნებისმიერი მწვავე საკითხი, რომლის ირგვლივაც ელვისებური სისწრაფით ვრცელდება დაუზუსტებელი ინფორმაცია, როგორც სოციალური ქსელების, ასევე ვერბალური საშუალებებით. გაიხსენეთ სამარშრუტო ტაქსით მგზავრობისას მოსმენილი რეალობას მოკლებული შეთქმულების თეორიები. მაგალითისთვის, მოსავლის გაფუჭების მიზნით, ყოფილი მთავრობის მიერ ვერტმფრენიდან გადმოყრილი ინფიცირებული ვირთხების ისტორია. ან საარჩევნო უბნებზე საკუთარი კალმებით მისული ხალხის ისტორია. მათ დაიჯერეს, რომ საარჩევნო უბნებზე არსებული კალმების მელანი შემოხაზვის შემდეგ უკვალოდ ქრებოდა. 2013 წლის თებერვალში, კახეთში გავრცელდა ხმა, რომ ბიძინა ივანიშვილი ოფიციალურ ქორწინებაში მყოფ ქალებს სარვამარტო საჩუქრის სახით საყოფაცხოვრებო ტექნიკას ან გარკვეული თანხის ვაუჩერებს გადასცემდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია ბ. ივანიშვილის პრესსამსახურს არ დაუდასტურებია, მოსახლეობის ნაწილმა დაიჯერა და იუსტიციის სახლში რიგიც დადგა.

ამ სტატიაში ჩვენ არ განვიხილავთ ჭორის ფენომენს, როგორც ასეთს, რომელიც ხშირ შემთხვევაში სრულიად უწყინარი და სხვადასხვა საზოგადოებების ცხოვრების ბუნებრივი ნაწილიც შეიძლება იყოს. განვიხილავთ ჭორს, როგორც ტოტალიტარული სისტემის ერთ-ერთ იარაღს და მისი სიცოცხლისუნარიანობის საკითხს პოსტსაბჭოთა სივრცეში.

სოციალურ მეცნიერებებში მიღებული აზრია, რომ ყოველდღიურობაში წარმოებული გარკვეული სოციალური პრაქტიკა სიცოცხლისუნარიანი ხდება და სხვადასხვა საზოგადოებებში ჩვეული ქცევის ფორმებად რჩება. ჭორის წარმატება ქართულ პოსტსაბჭოთა სივრცეში, სწორედ საბჭოთა გამოცდილების შედეგად შეძენილი პრაქტიკა შეიძლება იყოს.

ერთი შეხედვით, ძნელი წარმოსადგენია, რომ თანამედროვე სამყაროში, სადაც ინფორმაცია გახსნილი, მრავალფეროვანი და თეორიულად ყველასათვის ხელმისაწვდომია, საბჭოთა კომუნიკაციური პრაქტიკა გრძელდებოდეს. თუმცა, სხვადასხვა კვლევებზე დაყრდნობით, შევეცდები დავასაბუთო, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ამ პრობლემაზე დაფიქრება და, ასევე, კითხვის დასმა, თუ რა წარმატებით შეიძლება სარგებლობდეს საბჭოთა პერიოდში დანერგილი ვერბალური კომუნიკაციის ფორმები.

მეტი სიცხადისთვის, პირველ რიგში, საჭიროა საბჭოთა კავშირში კომუნიკაციის სფეროში არსებული პრაქტიკა განვმარტოთ. ტოტალიტარული რეჟიმი იწყებს მედიის მონოპოლიზებას და ანადგურებს განსხვავებულ აზრს, ისტორიისა თუ პოლიტიკური ხედვის ალტერნატიულ ვერსიებს, რათა პარტიის მიერ „ერთადერთი და ჭეშმარიტი“ ისტორიული ვერსია გააცნოს ხალხს. თუმცა ეს ვერსიებიც დროდადრო იცვლებოდა, რაც საბჭოთა მოქალაქეებს ადაპტირების უნარს უვითარებდა. ისინი სერიოზული გამოწვევის წინაშე დგებოდნენ, რადგან ძველი ვერსიების „დავიწყება“ და ახალი ვერსიის მიღება, ფაქტობრივად, სიკვდილ-სიცოცხლის საქმე იყო.

ლოგიკურია, რომ მას შემდეგ, რაც საბჭოთა ხელისუფლებამ მედიის ყველა საშუალება თავის დაქვემდებარებაში მოაქცია, განსხვავებული აზრის გავრცელების საშუალებად სწორედ ვერბალური კომუნიკაცია იქცა. თუმცა ეს ალტერნატივა მხოლოდ მცირე ხანს დარჩა შეუმჩნეველი: საბჭოთა ხელისუფლებამ არა მხოლოდ ამ არხის ჩახშობა, არამედ თავის სასარგებლოდ გამოყენება გადაწყვიტა. საბჭოთა კავშირის ისტორია ვრცელ პერიოდს მოიცავს და სხვადასხვა პერიოდში, ამა თუ იმ საკითხის მიმართ, რეჟიმი პოლიტიკას ცვლიდა. მიუხედავად ამ ცვლილებებისა, საბჭოთა სისტემის მიერ პროპაგანდისა და ჭორის გამოყენების პრაქტიკა მრავალი სამეცნიერო კვლევის მიერ არის დადასტურებული.

1953 წელს ამერიკელმა მკვლევრებმა (Raymond A. Bauer, David B. Gleicher) საბჭოთა კავშირში არსებული არაოფიციალური ვერბალური კომუნიკაცია (ჭორი) გამოიკვლიეს და დაასკვნეს, რომ იგი რეჟიმის კომუნიკაციური პოლიტიკის (პროპაგანდის პრინციპების) პირდაპირი შედეგი იყო. მისი მეშვეობით წარმატებით ხორციელდებოდა საზოგადოებრივი აზრის ფორმირება. მკვლევრებმა 2700 საბჭოთა ემიგრანტი გამოკითხეს და 300-მდე ინტერვიუ ჩაიწერეს. საინტერესოა, რომ გამოკითხულთა 50%-მა ვერბალური კომუნიკაცია ინფორმაციის მიღების რეგულარულ წყაროდ დაასახელა. კითხვაზე, თუ რომელი ინფორმაციის წყარო მიაჩნდათ ყველაზე მნიშვნელოვნად, 43%-მა გაზეთი, 33%-მა კი სწორედ ვერბალური კომუნიკაცია დაასახელა.

ნიშანდობლივია ის კორელაცია, რომელიც სსრკ-ის მიმართ დადებითად ან უარყოფითად განწყობილ ადამიანებსა და ვერბალური კომუნიკაციის ნდობას შორის დაფიქსირდა. სსრკ-ის მიმართ დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანები გაცილებით მეტად ენდობოდნენ და მონაწილეობას იღებდნენ ვერბალურ კომუნიკაციაში, ვიდრე სისტემის მიმართ მტრულად განწყობილი ადამიანები. ასევე საინტერესოა ის მიზნები, რის მისაღწევადაც ვერბალური კომუნიკაციის გამოყენება ხდებოდა. მაგალითისთვის, შეგნებულად გავრცელებული პოლიტიკური ანეკდოტის მეშვეობით გარკვეული აზრის მოსინჯვა ხდებოდა შესაძლებელი. ასევე, წარმატებით ხდებოდა მისი გამოყენება ოფიციალური მედიისგან შედარებით იზოლირებულ დასახლებებში აგიტაციის გასაწევად და ინფორმაციული ვაკუუმის შევსების მიზნით.

საბჭოთა რეჟიმის შიში ინფორმაციული თავისუფლების მიმართ, ტექნოლოგიის განვითარებაზეც აისახა. 1982 წელს, მკვლევრების (A.Diberder, F.Wasserman) მიერ ჩატარებულმა სამუშაომ აჩვენა, რომ საბჭოთა ტექნოლოგია შეერთებულ შტატებსა და საფრანგეთში განვითარებულ ტექნოლოგიასთან შედარებით ჩამორჩენილი იყო. განსაკუთრებით განუვითარებელი იყო კომუნიკაციის ის საშუალებები, რომლებიც პარტიის მიერ რისკის მატარებლად იქნა მიჩნეული (მაგალითისთვის, ელექტრონული ფოსტა). ბუნებრივია, ტექნოლოგიის განუვითარებლობა ჭორით მანიპულირებას უფრო ადვილს ხდიდა. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება ჭორი რეგიონულ დასახლებებში, სადაც სხვა ტიპის კომუნიკაციის საშუალებები შეზღუდულია.

საკითხავია, დღევანდელ საქართველოში, რამდენად ინარჩუნებენ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ჭორს, როგორც მანიპულაციის იარაღს – სივრცეში, სადაც ინფორმაციის თავისუფლება არსებობს?

იმ ფონზე, როდესაც საქართველოში არსებობს ცივი ომის პერიოდის მსგავსი პროპაგანდისტული ანტიამერიკული ჟურნალები, საბჭოთა მემკვიდრეობის არსებობაზე საუბარი მხოლოდ ვარაუდების კი არა, მტკიცებულებების საფუძველზე ხდება შესაძლებელი. 2013 წელს გამოცემული ჟურნალები: „დემოკრატიის სახელით: ღმერთო, შეუნდე ამერიკას“ და „ნატო მაკიაჟის გარეშე“ ამის მტკიცებულებას წარმოადგენს. ამ ჟურნალების ანალიზი შორს წაგვიყვანს, საკმარისია იმის აღნიშვნა, რომ ისინი იმ საეჭვო ორგანიზაციის მსგავსად მოქმედებენ, რომელმაც 2006 წელს დნესტრისპირეთის დამოუკიდებლობის მხარდასაჭერი ანგარიში გამოაქვეყნა. თუ ზემოხსენებული ორგანიზაცია ჰარვარდის და ოქსფორდის აკადემიურ პერსონალსა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიცერს იმოწმებდა (ამ ადამიანებმა უარყვეს ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა), მის მსგავსად, საქართველოში გამოცემული ჟურნალები იმოწმებენ ისეთ მაღალრეიტინგულ გამოცემებს, როგორიცაა The New Yorker, Reuters, The Washington Post, Foreign Policy, The Guardian და სხვა.

იმის ალბათობას, რომ თანამედროვე ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი პროცენტი კვლავ ნდობას უცხადებს ჭორებს, CRRC საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევა ადასტურებს. 2011 წლის მედიის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 88% მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიღების პირველად რეგულარულ წყაროდ ტელევიზიას ასახელებს. გამოკითხულთა 49% მეორად რეგულარულ წყაროდ კი – მეგობრების, მეზობლების, ოჯახის წევრებისა და თანამშრომლების სახით ვერბალურ კომუნიკაციას ირჩევს. როგორც ვხედავთ, ვერბალური კომუნიკაცია 1953 წლის კვლევის მსგავსი თანმიმდევრობით ინარჩუნებს რეიტინგს. შესაბამისად, დღესდღეობით ჭორების მიმართ არსებული ნდობა საუკეთესო ნიადაგს წარმოადგენს დეზინფორმაციისა და მანიპულაციისთვის.

შესაძლოა, ჭორების უპირობოდ მიღების პრობლემას ბევრად მეტი ახსნა ჰქონდეს, ვიდრე ამ სტატიაში წარმოდგენილი საბჭოთა მემკვიდრეობაა. თუმცა ვფიქრობ, რომ ამ პრობლემასთან ბრძოლა თითოეული ინდივიდის მიერ ამ მემკვიდრეობით დატოვებულ პრაქტიკაში მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმაა. სამწუხაროდ, პოსტსაბჭოთა საქართველოში აქტუალობას არ კარგავს ის სიტყვები, რომლითაც ერთ დროს (1974 წელს) სოლჟენიცინმა საბჭოთა კავშირის მოქალაქეებს მოუწოდა:

„სწორედ რომ ჩვენგან უგულებელყოფილ, მაგრამ ასე მარტივ რამეში – ტყუილში მონაწილეობის მიღებაზე პიროვნული უარის თქმაშია ჩვენი განთავისუფლების გზა“.

კომენტარები