სახალხო დამცველის ანგარიში

ომბუდსმენი: მერიისა და საკრებულოს თანამშრომელთა დაკავება კანონდარღვევა იყო

radiotavisupleba.ge/

სახალხო დამცველი დღეს პარლამენტს ადამიანის უფლებების კუთხით 2013 წლის მდგომარეობის შესახებ 633-გვერდიან ანგარიშს წარუდგენს. უჩა ნანუაშვილის განმარტებით, დოკუმენტში საუბარია ყველა მნიშვნელოვანი დარღვევის შესახებ, რომელიც გასულ წელს საქართველოში მოხდა.

სახალხო დამცველმა კანონდარღვევად შეაფასა 2013 წლის ივნისში მერიისა და საკრებულოს თანამშრომელთა დაკავება. ნანუაშვილის აზრით, აღნიშნულ ფაქტზე აუცილებელია გამოძიების ჩატარება. მისივე თქმით, კანონის მოთხოვნათა სავარაუდო დარღვევის შესახებ ლეგიტიმური კითხვები რჩება ასევე, ე.წ. „ტრაქტორების საქმეზე“.

სახალხო დამცველის ანგარიშში დიდი ნაწილი ეთმობა პენიტენციალურ სისტემაში არსებულ ვითარებას. უჩა ნანუაშვილი აღნიშნავს, რომ სხვადასხვა დახურულ დაწესებულებაში სახალხო დამცველის უფლებამოსილება უნდა გაიზარდოს. სახალხო დამცველის თქმით, საგანგაშოა რამდენიმე პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებები, როდესაც ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო მისი კონტროლის ქვეშ მყოფ პირთა სიცოცხლისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლების ეფექტური დაცვა.

„გარდა ზემოაღნიშნულისა, გამოიკვეთა სხვა პრობლემები, მათ შორის, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მოთავსებული პირების ჯანმრთელობის დაცვა; სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მოთავსებული პირების სამედიცინო შემოწმების ეფექტური ფორმები“ - ნათქვამია ანგარიშში.

სახალხო დამცველის განცხადებით, ზოგიერთ საკითხებში ვითარება გაუმჯობესდა კიდეც, თუმცა არსებობს საკითხები, რომლებიც ჯერ კიდევ გადაჭრას საჭიროებენ. 

კომენტარები