უკრაინის კრიზისი

სენატმა უკრაინის მხარდამჭერი კანონპროექტი დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა უკრაინის მხარდამჭერი კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც ადმინისტრაციის მიერ რუსეთის წინააღმდეგ უკვე დაწესებული სანქციების დამტკიცებას და უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.

კანონპროექტს 98 სენატორმა მისცა ხმა, წინააღმდეგ მხოლოდ ორი გამოვიდა. დოკუმენტის თანახმად, აშშ უკრაინას 1 მილიარდი დოლარის ფინანსურ გარანტიებს გამოუყოფს, ასევე პირდაპირ დახმარებას 150 მილიონი დოლარის ოდენობით, რომელიც დემოკრატიული ინსტიტუტების და კანონიერების განმტკიცებას, ასევე ევროპასთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განვითარებას მოხმარდება.

დოკუმენტი ასევე უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაზე პასუხისმგებელი რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, რაც მათთვის აშშ-ის ტერიტორიაზე ყოფნის აკრძალვასა და აქტივების გაყინვას გულისხმობს.

მანამდე წარმომადგენელთა პალატამ დოკუმენტი 399 ხმით დაამტკიცა. კანონი, შესაძლოა, ხელმოწერისთვის პრეზიდენტ ობამას ამ კვირის ბოლომდე წარუდგინონ.

კომენტარები