ზურაბ ჟვანიას საქმე

ჟვანია: როგორც ჩანს, გავრცელებული კადრების არსებობა ენმ-ს ბელადებმა არ იცოდნენ

სამხრეთის კარიბჭე

ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას ძმის, დეპუტატ გიორგი ჟვანიას განცხადებით, გამოძიება დასკვნით ფაზაში შევიდა და ამიტომ, ოჯახი აქამდე თავს იკავებდა ყოველგვარი კომენტარისგან. თუმცა, როგორც დღევანდელ ბრიფინგზე ჟვანიამ აღნიშნა, სააკაშვილის გუშინდელ განცხადებას უპასუხოდ ვერ დატოვებდნენ. დეპუტატის თქმით, სააკაშვილი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა YOUTUBE-ზე გავრცელებულმა ფოტოკოლაჟმა ააღელვა.

"ეს იყო მოულოდნელი ბევრისთვის. იქ არის დაფიქსირებული ისეთი დაზიანებები, რომელთა ამსახველი კადრების არსებობა, როგორც ჩანს, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და მისმა ბელადებმა არ იცოდნენ. ეს დაზიანებები იყო დაფიქსირებული იმ ვიდეოკასეტაზე, რომელიც მათ ყურადღებით არ ნახეს და ეს ვიდეოკასეტა ინახებოდა სეიფში. ახლა რომ ითხოვენ ექსპერტიზის მასალების გასაჯაროებას, ეს არის ფაქტობრივად ვიდეოკადრებში გასაჯაროებული. არ ვიცი, როგორ მოხვდა ინტერნეტში, მაგრამ ეს არის იმ ვიდეოკადრებიდან აღებული სურათები და ამით არიან შეშფოთებული, რადგან ვერანაირად ვერ ხსნის ეს კადრები იმ სულელურ ვერსიებს, რომლებზეც საუბრობენ", - განაცხადა გიორგი ჟვანიამ.

დღევანდელ ბრიფინგზე მას ჰკითხეს, ოჯახმა ზურაბ ჟვანიას ცხედარზე არსებული დაზიანებები ნახა თუ არა.

"იარებს ვამჩნევდით, მაგრამ იმას ჰქონდა სხვადასხვა ახსნა. ტუჩის გადმობრუნებას ვერ დავიწყებდით... თავზე ნაკერი ედო", - აღნიშნა ჟვანიამ.

მისივე თქმით, რაც შეეხება FBI-ს დასკვნებს და "დელიკატურ თემებს",  არსებობს ერთადერთი დასკვნა - ტექნიკური ექსპერიმენტი, რომელიც ჩატარდა გამათბობელ ნიკალას მუშაობასთან დაკავშირებით.

"ასევე, მათ აიღეს სისხლი და დაადგინეს კარბოქსინ-ჰემოგლობინის ოდენობა. ეს ორი კონკრეტული დასკვნაა ამ საქმეში. გარდა ამისა, FBI-ს აქვს შესწავლილი რამდენიმე ნივთმტკიცებაზე DNM-ის არსებობა, რომელიც საერთოდ არ იძლევა არანაირ სურათს იმიტომ, რომ არასრულყოფილი შესწავლაა. რაც შეეხება დაწერილ დასკვნებს, ისინი ჩვენ გასაჯაროებული გვაქვს ცხრა წლის წინ. ტექნიკურ დასკვნაში შავით თეთრზე წერია, რომ იქ ექსპერიმენტის დროს, გამათბობელი მუშაობდა გამართულად და არანაირი სასიკვდილო გარემო არ შექმნილა. ამაზე ქართულ თარგმანში ეწერა, რომ უმოკლეს დროში მიაღწია და გადააჭარბა სასიკვდილო დონეს CO-მ ოთახში, ეს დააბრალეს თარჯიმნის შეცდომას", - განაცხადა გიორგი ჟვანიამ და აღნიშნა, რომ გამოძიება გადამწყვეტ ფაზაშია და მალე ჩამოვლენ საერთაშორისო ექსპერტები.

"ნაციონალური მოძრაობა ამ აჟიოტაჟით ცდილობს, რომ გამოძიება სამართლებრივი ჩარჩოებიდან გადავიდეს პოლიტიკურში, უნდათ, სააკაშვილი წარმოაჩინონ პოლიტიკურ დევნილად. არც გამოძიებას და არც ოჯახს არ აწყობს ეს პროცესი. გამოძიების დასრულებამდე არაფერს აღარ ვიტყვით, რაც უნდათ ილაპარაკონ. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ დასრულდეს გამოძიება. ვერსიებზე ვერ ვისაუბრებთ. გამოძიება შედეგიანად დასრულდება და ვერსიაზე კი არა, კონკრეტულ ფაქტებზე ვისაუბრებთ", - განაცხადა გიორგი ჟვანიამ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში ზურაბ ჟვანიას საქმეზე ისაუბრა, მისი თქმით, ”თუ ეს არ იყო გაზით მოწამვლა, დადგინდება ექსჰუმაციით”. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ "ჯერ ერთი, გამოაქვეყნონ  FBI-ის დასკვნა, რას მიედ-მოედებიან. ბოდიში, ფარცხალაძის დასკვნა არის სრულყოფილი და პრეზიდენტ ბუშის გამოგზავნილი FBI-ის დასკვნა არ არის სრულყოფილი? ორი გზა არის: მსოფლიოს საუკეთესო სააგენტოს ცხელ კვალზე გაკეთებული დასკვნის გამოქვეყნება და ექსჰუმაცია, რომელიც ეგრევე დაადგენს, იყო თუ არა რაიმე ძალადობრივი იქ. დამთავრდება ყველა კითხვა. ნამდვილად ვწუხვარ, რომ ამას ჩემს მეგობარზე ვამბობ, მაგრამ ესენი თამაშობენ ამ თამაშს”. 

ამასთან, ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ, მისმა მეუღლემ და ძმამ "უცნაური რაღაცეების ლაპარაკი" დაიწყეს. 

"მეუღლეს ვთხოვე, რომ ჩემთან მოსულიყო, მოვიდა. მე ვუთხარი, რაზეა ლაპარაკი, ნინო, შენ ხომ იყავი ადგილზე, სადაც ეს მოხდა, ნახე ყველაფერი, რაც მოხდა, ყველაფერს ესწრებოდი, შენ გგონია, რომ ვინმე რამეს მალავს ან სხვანაირად არის თუ..., არა, არა მგონიაო - თქვა, შენთან რა პრეტენზია შეიძლება მქონდესო. მაგრამ არასოდეს დამავიწყდება რაც მითხრა: ხომ იცი, ზურას, როგორც ყველა პოლიტიკოსს, ბევრი ფული ჰქონდაო, მე ვუთხარი, მე ვარ პოლიტიკოსი და ნამდვილად არ მაქვს ფული და არა მგონია ზურას ჰქონოდა ფული და საიდან მოიტანე-მეთქი. ერთ-ერთმა მითხრა, რომ ორი დღით ადრე მისცა მას ძალიან დიდი თანხაო და ამ თანხის ნაწილი მინდა ამოვიღოო, ალბათ იმ დაცვის თანამშრომლებმა, სანამ ჩვენ მივდიოდით, ხომ არ წაიღეს ეს თანხა შემთხვევითო. მე ვუთხარი - ახლა გამოდის, რომ აქ ფულზე ვლაპარაკობთ ხომ ჩვენ, ფულზე ვერ შევთანხმდებით ჩვენ-თქო. მერე გაირკვა, რომ პატარკაციშვილმა, როგორც ჩანს ორი დღით ადრე უთხრა, რომ ჟვანას მისცა ბევრი ფული და ეს გააკეთა შეგნებულად იმიტომ, რომ პატარკაციშვილი მერე ამუშავებდა ჟვანიას ძმას, მასთან ოფისში, ისე, როგორც ყველა ოლიგარქს უნდოდა ამ თემის აგორება. ახალმაც - ივანიშვილმაც იგივე გააკეთა. როცა ასეთი ურთიერთობა იყო მეუღლესთან და ძმასთან, მე, რა თქმა უნდა, ვეღარ მივდიოდი ზურას დედასთან", - განაცხადა სააკაშვილმა. 

კომენტარები