სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება

ღარიბაშვილი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება გარკვეული რჩევაა

საქართველოს მთავრობა

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე  დაბარებასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება მეგობარი სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული რჩევაა იმისთვის, რომ აღნიშნული პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს. პრემიერი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებით შეშფოთებულია.

ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჰააგაში ვიზიტისას ამ თემაზე მასთან არავის უსაუბრია.

”ეს არის ჩვეულებრივი მეგობარი სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული რჩევა, რეკომენდაცია, რომ ეს პროცესი იქნას წარმართული გამჭვირვალედ. აქ ვარ უკვე მეორე დღეა და ჩვენ ამის თაობაზე საუბარი საერთოდ არ გვქონია არავისთან, არავის წამოუწევია ეს საკითხი და არ მესმის ეს ისტერიკა საიდან მომდინარეობს. ეს ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცესია, მსგავსი რამ ხდება ევროპის შუაგულში. საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტებთან იყო შეკითხვები, ვგულისხმობ სარკოზის, ასევე, ჟაკ შირაკს. ვგულისხმობ, ასევე იტალიის პრემიერმინისტრ ბერლუსკონის, რომელსაც 7 წელი მიესაჯა. ასევე მაგალითს გეტყვით, რომ საბერძნეთის ერთ-ერთი ქალაქის მერს სამუდამო პატიმრობა კორუფციისა და საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის გამო მიესაჯა.  

ასე რომ, ეს არის ნორმალური პროცესი, მით უმეტეს, პროკურატურას საუბარი აქვს ძალიან მძიმე დანაშაულებზე და ვფიქრობ, ჩვენ არ მიგვიცია და არ შეგვიქმნია არანაირი ეჭვის საფუძველი. პირიქით, ვადასტურებთ, რომ ჩვენ ვხელმძღვანელობთ გამჭვირვალობით, კანონის უზენაესობა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. თუ ვინმე ცდილობს წარმოაჩინოს, რომ საქართველო იყოს უფრო მეტად დემოკრატიული ქვეყანა, ვიდრე საფრანგეთი ან იტალია, ეს მგონი მცდარი შეფასებაა. არავინ უნდა მოგვთხოვოს, ჩვენ ვიყოთ უფრო მეტი კათოლიკე, ვიდრე რომის პაპია", -განაცხადა ღარიბაშვილმა. 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე 27 მარტსაა დაბარებული. გამოძიებას მასთან კითხვები ათ საქმესთან დაკავშირებით აქვს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში დაკითხვზე ჩამოსვლას არ აპირებს - ამის შესახებ მან ქართველ ჟურნალისტებს ჰოლანდიაში უთხრა. ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებით შეშფოთებულია. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი. 

კომენტარები