სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება

ბოკერია: ხელისუფლებამ ქვეყნის მომავალი საკუთარ ბოღმას არ უნდა გადააყოლოს

”ჩვენმა ხელისუფლებამ ქვეყნის მომავალი საკუთარ ბოღმას და პოლიტიკურ ანგარიშსწორებას არ უნდა გადააყოლოს”,-ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის მდივანი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში გიგა ბოკერია აცხადებს. ბოკერია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის იმ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც აღნიშნულია, რომ აშშ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებით შეშფოთებულია.

”სამწუხაროდ, საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო ბოლო პერიოდში საერთოდ, ეს მოსალოდნელი იყო. ჩვენმა ხელისუფლებამ ამ აბსურდული და უპასუხისმგებლო რეაქციების ნაცვლად, უნდა მოუსმინოს საქართველოს საუკეთესო მეგობრებს: შეერთებულ შტატებს, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ესტონეთის პრეზიდენტს, მრავალ სხვას და ქვეყნის მომავალი საკუთარ ბოღმას და პოლიტიკურ ანგარიშსწორებას არ უნდა გადააყოლოს. ეს არ გახლავთ პოლიტიკური, პარტიული საკითხი, ეს არის ქვეყნის მომავლის, მისი დემოკრატიის და მისი უსაფრთხოების მომავლის საკითხი”,-აცხადებს ბოკერია. 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე 27 მარტსაა დაბარებული. გამოძიებას მასთან კითხვები ათ საქმესთან დაკავშირებით აქვს.საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში დაკითხვზე ჩამოსვლას არ აპირებს - ამის შესახებ მან ქართველ ჟურნალისტებს ჰოლანდიაში უთხრა.ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებით შეშფოთებულია. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი. 

კომენტარები