სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება

უილიამ ლაჰიუ: NATO-სთვის მნიშვნელოვანია, არ იყოს შერჩევითი სამართლის აღქმა

NATO-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის უილიამ ლაჰიუს თქმით, NATO-ს მოკავშირეებისთვის მნიშვნელოვანია პროცესები კანონის უზენაესობის დაცვით წარიმართოს და მთავრობამ შურისძიების პოლიტიკა არ აწარმოოს. თბილისში ვიზიტით მყოფმა ლაჰიუმ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება შეაფასა.

"NATO-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს პოლიტიკური მოტივაციის შთაბეჭდილებას არ ტოვებდეს და ყველაფერი მტკიცედ ეფუძნებოდეს კანონს და მყარ მტკიცებულებებს. ამას გარდა, მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ საქართველო გარდამავალ პერიოდშია. თქვენ ისტორიულ ცვლილებებს განიცდით. ძალაუფლება ერთი ძლიერი პოლიტიკური პარტიიდან გადაეცა მეორე პოლიტიკურ პარტიას. ეს კი არ არის მარტივი პროცესი. ამ პროცესის გააზრება რთულია საზოგადოებისთვის, მთავრობისა და პარლამენტისთვის. მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს შურისძიებისა და შერჩევითი სამართლის აღქმა და მთავრობამ აწარმოოს პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ყველა ქმედება კანონის უზენაესობით არის გამტკიცებული. NATO-ს მოკავშირეებისთვის სწორედ ამის დანახვაა მნიშვნელოვანი" - განაცხადა ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე 27 მარტს არის დაბარებული. გამოძიებას მასთან კითხვები ათ საქმესთან დაკავშირებით აქვს.

ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებით. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი:

„შეერთებული შტატები შეშფოთებულია საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დაკითხვაზე დაიბაროს საქართველოს პრეზიდენტი რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე. არავინაა კანონზე მაღლა, მაგრამ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმის ერთდროული დაწყება ყოფილი პრეზიდენტის მონაწილეობით ლეგიტიმურ შეშფოთებას აჩენს პოლიტიკური ანგარიშსწორების შესახებ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სამართლებრივი და სასამართლო ინსტიტუტები ჯერ კიდევ მყიფე მდგომარეობაშია. როგორც ირაკლი ღარიბაშვილთან უმაღლეს დონეზე შეხვედრისას ითქვა, შეერთებული შტატები მოუწოდებს საქართველოს ლიდერებს, ქართველი ერის ენერგია მომავალს, ძლიერ ეკონომიკას, მართლმსაჯულების სექტორის შემდგომ რეფორმირებას და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით სწრაფ პროგრესს მოახმაროს." - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

კომენტარები