სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება

ღარიბაშვილი: სააკაშვილთან დაკავშირებით არცერთი კითხვის არ გვეშინია

”24 მარტს მონაწილეობას მივიღებ მსოფლიო ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე და შემიძლია, პირადად გავცე ყველას პასუხი კითხვებზე, თუ რატომ დაიბარეს მიხეილ სააკაშვილი დაკითხვაზე, რათა გავფანტო ეჭვები და შესაძლო მცდარი განცდები, თუ ასეთი იარსებებს”,-ამის შესახებ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაზეთ კვირის პალიტრასთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.

ღარიბაშვილის თქმით, სააკაშვილი შეეცდება, ლობისტური კომპანიები მაქსიმალურად გამოიყენოს იმისთვის, რომ ევროპასა თუ ამერიკაში ”შექმნას მცდარი განცდა”, თითქოს დაკითხვაზე პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზეა დაბარებული.

”თუმცა, ჩვენს მხარეს არის ძლიერი სიმართლე და არც ერთი კითხვის არ გვეშინია. დავესწრები ბირთვული უსაფრთხოების  სამიტს, სადაც მსოფლიოს ლიდერებიც იქნებიან და მედიაც, შესაბამისად, თუ კითხვას დამისვამენ, პირადად გავცემ პასუხს, რათა დავასრულო ის ინტერპრეტაციები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილისგან და მისი ლობისტური კომპანიებისგან შეიძლება წამოვიდეს. ჩვენ ამის არ გვეშინია, ჩვენ უკვე გადავლახეთ ის კამპანია, რომელიც მათ წამოიწყეს ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. ამ კუთხით ევროპასა და ამერიკაში სიტუაცია დალაგდა და მოიხსნა ის კითხვები, რომლებიც დასავლეთს სააკაშვილმა და მისმა ლობისტურმა კომპანიებმა გაუჩინეს", - აცხადებს პრემიერი.

ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ თუ გამოძიებას მასთან ოდესმე კითხვები გაუჩნდება, მზად არის, პასუხი აგოს.

"თუ ჩვენ ამ მძიმე კითხვებზე თვალი დავხუჭეთ, მაშინ სამართლიანობასა და დემოკრატიაზე საერთოდ აღარ იქნება საუბარი. მე არ მინდა ვიყო ისეთი სახელმწიფოს პრემიერი, რომელიც ასეთ უსამართლობას ხელს შეუწყობს. რატომ უნდა იყოს პრივილეგირებული მიხეილ სააკაშვილი მაშინ, როდესაც მოქალაქეები ელემენტარული ქურდობის გამო წლობით იხდიან სასჯელს?! თუ გამოძიებას ოდესმე კითხვები გაუჩნდება ჩემთან, მზად ვარ, პასუხი ვაგო, რადგან ჩვენ ვალდებულები ვართ ხალხისა და ქვეყნის წინაშე", - აღნიშნავს პრემიერი.

ღარიბაშვილი ასევე აცხადებს,  რომ თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ ჩამოვა, პროკურატურა კანონის შესაბამისად იმოქმედებს და მასზე ძებნა გამოცხადდება. 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე 27 მარტსაა დაბარებული. გამოძიებას მასთან კითხვები ათ საქმესთან დაკავშირებით აქვს.საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში დაკითხვზე ჩამოსვლას არ აპირებს - ამის შესახებ მან ქართველ ჟურნალისტებს ჰოლანდიაში უთხრა.ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებით შეშფოთებულია. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი. 

კომენტარები