სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება

ბოკერია სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებაზე: ასეთ ნაბიჯებს იანუკოვიჩი დგამდა

გიგა ბოკერია
tabula.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მდივანი საგარეო ურთიერთობების საკითხებში გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება ქვეყნისთვის ძალიან სახიფათო გზაა, რომელიც ხელისუფლებას ცუდად შემოუბრუნდება. როგორც ბოკერიამ ბრიუსელში, პირველ არხთან ინტერვიუში აღნიშნა, ეს არის ზუსტად ის ნაბიჯები, რომელსაც უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი დგამდა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ.

"მაშინ, როცა ჩვენ ყველა, ასევე, საქართველოს ყველა პარტნიორი და ევროპის თავისუფლების და უსაფრთხოების ყველა გულშემატკივარი ფიქრობს იმაზე, როგორ უპასუხოს რუსეთის აგრესიას ჩვენს რეგიონში, მიხეილ სააკაშვილიც ამ ფორუმზე სწორედ ამით იყო დაკავებული, ჩვენი მთავრობა აგრძელებს და თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაჰყავს ოპონენტების პოლიტიკური დევნა. ის, რა ფორმითაც მოხდა სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება -  ყველა საქმის ერთად უცებ წამოწევა და თარიღის გამოცხადება, არის იმის დემონსტრირება, რომ სავარაუდო დანაშაულის გამოძიება კი არ ხდება, სადაც შეიძლება რომელიმე ფიგურა გამოიკვეთოს, არამედ, არიან იდენტიფიცირებული ფიგურები და სააკაშვილი თავიდანვე იყო დეკლარირებული, როგორც ასეთი ფიგურა, რომლის გარშემოც კერავენ საქმეებს და ახდენენ ფაბრიკაციას. ამას ემატება დაკვეთა პროკურატურისადმი და ზეწოლა სასამართლოზე" - განაცხადა ბოკერიამ და აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ამ ტიპის ნაბიჯები იქცევა ძალიან დიდ ბარიერად საქართველოსთვის ქვეყნის შიგნით და გარეთ.

კითხვაზე, მივა თუ არა დაკითხვაზე მიხეილ სააკაშვილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მდივანი საგარეო ურთიერთობების საკითხებში პასუხობს, რომ მის ნაცვლად ვერაფერს ვერ იტყვის.

"მაგრამ მე მგონია, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი და სიმბოლო, რომელიც საქართველოს იანუკოვიჩის უკრაინასთან დააახლოებს, საქართველოს არაფერში არ სჭირდება. თან პრეზიდენტ სააკაშვილის დაბარება ხდება ამ კონტექსტში, რაც ჩვენ ყველა ვხედავთ, მედიის წინააღმდეგ გადადგმული ძალიან უხეში და აგრესიული ნაბიჯები, პირდაპირი ფაბრიკაცია ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამარცხვინო საქმის .. გაჟონვა მასალების რაღაც ეგზოტიკური სახელების ქვეშ.. ეს არის ფრონტალური შეტევა იმაზე, რასაც ჰქვია საქართველოში დემოკრატიული ტრადიცია. და, რა თქმა უნდა, ეს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას უსაფრთხოების საკითხებში ავტომატურად ხელს შეუშლის" - თქვა ბოკერიამ.

ცნობისთვის, მთავარმა პროკურატურამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკითხვაზე დაიბარა. როგორც დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი, საგამოძიებო უწყებას სააკაშვილის მოწმის სახით დაკითხვა სურს. პროკურატურის განმარტებით, საქმე ეხება სანდრო გირგვლიანისა და ლევან ბუხაიძის მიმართ 2006 წლის 28 იანვარს ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირების: გ. ალანიას, ალ. ღაჭავას, მ. ბიბილურიძისა და ა. აფციაურის შეწყალების ფაქტს, რომელიც განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 24 ნოემბრის N768 განკარგულებით. ასევე, კიდევ რამდენიმე საქმეს, მათ შორის, ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიებას, იმედის საქმეს, მუხროვანის ამბოხს, გაფლანგვას, შპს აგრომეტს, ქართუ ბანკის საქმეს და სხვ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი საქართველოს პროკურატურაში 27 მარტს, 13 საათზე უნდა გამოცხადდეს. 

მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე თვეა, საქართველოში არ იმყოფება. ის ტაფტის უნივერსიტეტის ფლეტჩერის დიპლომატიისა და სამართლის სკოლაში ლექციებს კითხულობს. ამასთან, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გუშინ ბრიუსელში, ევროპის სახალხო პარტიის სამიტს დაესწრო. ხოლო დღეს, მიხეილ სააკაშვილმა ბრიუსელის ფორუმის მონაწილეებს მიმართა სიტყვით.

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ვალდებულია, გამოძიებასთან ითანამშრომლოს. მისი თქმით, თუ ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში არ ჩამოვა, მასზე ძებნა გამოცხადდება.

კომენტარები