სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება

კობახიძე: სააკაშვილი ჩვეულებრივი მოქალაქეა და ვალდებულია, ჩვენება მისცეს

news.ge

პარლამენტის ვიცესპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით, ძალიან ბევრი საბუთია იმის სათქმელად, რომ მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის თანამდებობას ბოროტად იყენებდა. მისი თქმით, ახლა სააკაშვილი არის ჩვეულებრივი მოქალაქე და ვალდებულია, პროკურატურაში გამოცხადდეს.

"მიხეილ სააკაშვილი ძალიან ხშირად ამეტებდა პრეზიდენტის უფლებამოსილებას. ძალიან ხშირად, თუნდაც იმ კანონის ფარგლებში, რომელიც არსებობდა, მისი ქმედებები იყო აშკარად საზიანო. არის უკვე კონკრეტული ფაქტები და გარემოებები. პროკურატურა სწავლობდა მთელი ამ ხნის განმავლობაში, იმიტომ, რომ ვიდრე სააკაშვილი იყო პრეზიდენტი და ნაციონალური მოძრაობა - ხელისუფლებაში, ცხადია, არც ერთი კითხვა არ დასმულა პროკურატურაში. საზოგადოებაში შეიძლება იყო კითხვები, მაგრამ ამის გამოძიების არანაირი პოლიტიკური ნება არ არსებობდა. დღეს უკვე, როცა სააკაშვილი ჩვეულებრივი მოქალაქეა, ის ვალდებულია, გამოცხადდეს პროკურატურაში და მისცეს ჩვენება როგორც ჩვეულებრივმა მოწმემ" - აცხადებს მანანა კობახიძე.

ცნობისთვის, მთავარმა პროკურატურამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკითხვაზე დაიბარა. როგორც დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი, საგამოძიებო უწყებას სააკაშვილის მოწმის სახით დაკითხვა სურს. პროკურატურის განმარტებით, საქმე ეხება სანდრო გირგვლიანისა და ლევან ბუხაიძის მიმართ 2006 წლის 28 იანვარს ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირების: გ. ალანიას, ალ. ღაჭავას, მ. ბიბილურიძისა და ა. აფციაურის შეწყალების ფაქტს, რომელიც განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 24 ნოემბრის N768 განკარგულებით. ასევე, კიდევ რამდენიმე საქმეს, მათ შორის, ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიებას, იმედის საქმეს, მუხროვანის ამბოხს, გაფლანგვას, შპს აგრომეტს, ქართუ ბანკის საქმეს და სხვ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი საქართველოს პროკურატურაში 27 მარტს, 13 საათზე უნდა გამოცხადდეს. 

მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე თვეა, საქართველოში არ იმყოფება. ის ტაფტის უნივერსიტეტის ფლეტჩერის დიპლომატიისა და სამართლის სკოლაში ლექციებს კითხულობს. ამასთან, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გუშინ ბრიუსელში, ევროპის სახალხო პარტიის სამიტს დაესწრო. ხოლო დღეს, მიხეილ სააკაშვილმა ბრიუსელის ფორუმის მონაწილეებს მიმართა სიტყვით.

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ვალდებულია, გამოძიებასთან ითანამშრომლოს. მისი თქმით, თუ ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში არ ჩამოვა, მასზე ძებნა გამოცხადდება.

კომენტარები