სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება

გაბაშვილი: ორ დღეში გამოჩნდა, რა სურდათ ფოტოების გავრცელებით და დაკავებებით

news.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გოკა გაბაშვილის განცხადებით, ორი დღე გახდა საკმარისი იმისათვის, "რომ კარგად გაგვეგო რა უნდოდათ ივანიშვილს და ღარიბაშვილს, რომელსაც, როგორც ბიძინა ივანიშვილი ამბობს, ორჯერ გამეორება არ სჭირდება და ჩვეულებრივი შემსრულებელია,  Youtube-ზე ფოტოების ატვირთვით, რა უნდოდათ ექსპერტის დაპატიმრებით, ზურაბ ჟვანიას დაცვის ცვლის უფროსის მიხეილ ძაძამიას დაპატიმრებით, რომელსაც ახლა ცდილობენ რაიმე სიგიჟე ათქმევინო და დაიყოლიონ რამე აბსურდულ ვერსიაზე".

ერთიანი ნაციონალური მოძრაობს დეპუტატის შეფასებით, ეს ყველაფერი ემსახურებოდა დიდი ხნის წინ დეკლარირებულ ერთადერთ მიზანს - პოლიტიკური ოპონენტის განადგურებას.

"უფრო მეტიც, ეს არის მცდელობა სახელმწიფოში ძალიან დიდი სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირების და ინიცირების. ეს არის მცდელობა ყველა იმ სურვილის ბრმად შესრულების, რომელიც საქართველოს მიმართ გააჩნია ვლადიმერ პუტინს. ეს არის მცდელობა  ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის საფრთხის ქვეშ დაყენების, ეს არის ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის ძალიან ნათელი ნიმუში, რომელსაც სამარცხვინო კამპანიის ორი დღის თავზე აეხადა ფარდა. არანაირი სიმართლის ბოლომდე თქმა და გამოძიება არ არსებობს ამ ადამიანების თვალში, არ არსებობს არანაირი პროკურატურა, არსებობს ერთი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი და მისი დავალებების მონური შემსრულებელი ღარიბაშვილი", - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

ცნობისთვის, მთავარმა პროკურატურამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკითხვაზე დაიბარა. როგორც დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი, საგამოძიებო უწყებას სააკაშვილის მოწმის სახით დაკითხვა სურს. პროკურატურის განმარტებით, საქმე ეხება სანდრო გირგვლიანისა და ლევან ბუხაიძის მიმართ 2006 წლის 28 იანვარს ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირების: გ. ალანიას, ალ. ღაჭავას, მ. ბიბილურიძისა და ა. აფციაურის შეწყალების ფაქტს, რომელიც განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 24 ნოემბრის N768 განკარგულებით. ასევე, კიდევ რამდენიმე საქმეს, მათ შორის, ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიებას, იმედის საქმეს, მუხროვანის ამბოხს, გაფლანგვას, შპს აგრომეტს, ქართუ ბანკის საქმეს და სხვ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი საქართველოს პროკურატურაში 27 მარტს, 13 საათზე უნდა გამოცხადდეს. 

მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე თვეა, საქართველოში არ იმყოფება. ის ტაფტის უნივერსიტეტის ფლეტჩერის დიპლომატიისა და სამართლის სკოლაში ლექციებს კითხულობს. ამასთან, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გუშინ ბრიუსელში, ევროპის სახალხო პარტიის სამიტს დაესწრო. ხოლო დღეს, მიხეილ სააკაშვილმა ბრიუსელის ფორუმის მონაწილეებს მიმართა სიტყვით.

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ვალდებულია, გამოძიებასთან ითანამშრომლოს. მისი თქმით, თუ ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში არ ჩამოვა, მასზე ძებნა გამოცხადდება.

ამასთან, რამდენიმე დღის წინ, YOUTUBE-ზე გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ფოტოკოლაჟი, სათაურით Saakashvili killed Mr. Zurab Zhvania (სააკაშვილმა მოკლა ბატონი ზურაბ ჟვანია) აიტვირთა.

ფოტომასალაში ნაჩვენებია საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრ ზურაბ ჟვანიასა და მასთან ერთად გარდაცვლილი რაულ უსუპოვის ცხედრების ფოტოები. ფოტოები სხვადასხვა სახის დაზიანებისკენ მიიანიშნებენ. ვიდეო Hakim Pasha-მ ატვირთა, რომელსაც Youtube-ზე სხვა ვიდეო არასოდეს დაუდია.

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, აღნიშნული მასალის გამოქვეყნება ემსახურება მიზანს, რომ ხელი შეეშალოს გამოძიებას. უწყების ცნობით, მიმდინარეობს მოლაპარაკება სხვადასხვა ქვეყნის საექსპერტო დაწესებულებებთან და უახლოეს მომავალში გვამების ექსჰუმაცია მოხდება.

გარდა ამისა, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ყოფილი გამგე ლევან ჩაჩუა და ზურაბ ჟვანიას დაცვის ცვლის უფროსი მიხეილ ძაძამია დააკავა. ამავე საქმეზე დაკითხეს ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა და შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი.

კომენტარები