სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება

პროკურორი: ჩვენ ველოდებით, რომ სააკაშვილი გამოცხადდება და უპასუხებს შეკითხვებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მთავარ პროკურატურაში დაბარების თაობაზე უწყება მის დედას, გიული ალასანიას დღეს ჩაბარდა.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პროკურორმა კოკა კაციტაძემ აღნიშნა, რომ ყოფილ პრეზიდენტს იმუნიტეტი არ იცავს, უწყებაში დაბარებულია მოწმის სახით დასაკითხად და სხვა სახის ღონისძიება მასთან მიმართებაში ამ ეტაპზე არ იგეგმება.

"ჩვენ უნდა მოვისმინოთ მისი გამოუცხადებლობის მიზეზი, თუ ის გადაწყვეტს, რომ არ უნდა გამოცხადდეს საგამოძიებო ორგანოში. ამის შემდეგ გამოძიება გააკეთებს შეფასებას მის ქმედებაზე, თუმცა ჩვენ ველოდებით, რომ სააკაშვილი გამოცხადდება და უპასუხებს გამოძიების შეკითხვებს", - თქვა პროკურორმა.

მთავარმა პროკურატურამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკითხვაზე დაიბარა. როგორც ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი, საგამოძიებო უწყებას სააკაშვილის მოწმის სახით დაკითხვა სურს. პროკურატურის განმარტებით, საქმე ეხება სანდრო გირგვლიანისა და ლევან ბუხაიძის მიმართ 2006 წლის 28 იანვარს ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირების: გ. ალანიას, ალ. ღაჭავას, მ. ბიბილურიძისა და ა. აფციაურის შეწყალების ფაქტს, რომელიც განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 24 ნოემბრის N768 განკარგულებით. ასევე, კიდევ რამდენიმე საქმეს, მათ შორის, ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიებას, იმედის საქმეს, მუხროვანის ამბოხს, გაფლანგვას, შპს აგრომეტს, ქართუ ბანკის საქმეს და სხვ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი საქართველოს პროკურატურაში მოწმის სტატუსით დასაკითხად 27 მარტს, 13 საათზე უნდა გამოცხადდეს. 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე თვეა, საქართველოში არ იმყოფება. ის ტაფტის უნივერსიტეტის ფლეტჩერის დიპლომატიისა და სამართლის სკოლაში ლექციებს კითხულობს. ამასთან, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გუშინ ბრიუსელში, ევროპის სახალხო პარტიის სამიტს დაესწრო. ხოლო დღეს, მიხეილ სააკაშვილმა ბრიუსელის ფორუმის მონაწილეებს მიმართა სიტყვით.

კომენტარები