ზურაბ ჟვანიას საქმე

ზოდელავა პროკურატურისგან მისი ჩვენების სრულად გასაჯაროებას ითხოვს

ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა პროკურატურისგან მისი ჩვენების სრულად გასაჯაროებას ითხოვს. ამის შესახებ მან რუსთავი 2 -ის გადაცემა პოზიციაში განაცხადა. 

"მიუხედავად იმისა, რომ დაკითხვის დროს გაუხმაურებლობის დოკუმენტზე მომაწერინეს ხელი, შემზღუდეს, ვისაუბრო ჩემი დაკითხვის დეტალებზე, თვითონ პოზიცია შეიცვალეს და ჩემი დაკითხვის რაღაც ნაწილი გაასაჯაროეს, რაც მაძლევს საფუძველს ვთქვა და მათგან მოვითხოვო, სრულად დადონ ჩემი ჩვენება. მე ამაზე თანხმობას ვაცხადებ", - განაცხადა ზოდელავამ. 

მანვე აღნიშნა, რომ  ვერ ისაუბრებს იმ დეტალებზე, თუ რა კითხვები ჰქონდა გამოძიებას.

 "არსებითად მნიშვნელოვანი არაფერი იყო. დაკითხვის დროს ისეთი განცდა გამიჩნდა, რომ მათ რაღაც კონკრეტული მიმართულება არ ჰქონდათ. როგორც ჩანს, ამ საკითხის პოლიტიზება არ მორჩა. ბოლოს ისეთი შეგრძნება  გამიჩნდა, რომ მათ უნდოდათ მიმეცა ჩვენება იმის თაობაზე,თუ რას ვგულისხმობდი დელიკატურობაში. ასევე, თავდაპირველად გამიჩნდა შეგრძნება, რომ საქმის  მასალები აღარ არის კონფიდენციალური. დღეს თვითონ დაადასტურეს, რომ ეს კადრები ავთენტურია. თუ ავთენტურია, ეს იმას ნიშნავს, რომ ვიღაცამ აიღო. პროკურატურას მიუწვდება ხელი  თუ ავთენტურია, ესე იგი პროკურატურამ აიღო, ვიღაც უფლებამოსილმა პირმა, ფორმალურად ან არაფორმალურად უფლებამოსილმა პირმა განათავსა Youtube-ზე.  ადასტურებენ იმას, რომ სისხლის სამართლის საქმის  მასალებში არსებული მტკიცებულებები ვიღაცამ აიღო,  მშვიდად განათავსა Youtube-ზე.  რას ემსახურება ეს, ვერ ვიგებ", - განაცხადა ზოდელავამ.

მისივე თქმით, გამოძიებული უნდა იყოს, როგორ მოხდა ამ მასალების გასაჯაროება. 

შეგახსენებთ, რომ YOUTUBE-ზე გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ფოტოკოლაჟი, სათაურით Saakashvili killed Mr. Zurab Zhvania (სააკაშვილმა მოკლა ბატონი ზურაბ ჟვანია) აიტვირთა. ფოტომასალაში ნაჩვენებია საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრ ზურაბ ჟვანიასა და მასთან ერთად გარდაცვლილი რაულ უსუპოვის ცხედრების ფოტოები. ფოტოებზე ცხედრებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ. ვიდეო Hakim Pasha-მ ატვირთა, რომელსაც Youtube-ზე სხვა ვიდეო არასოდეს დაუდია.

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, აღნიშნული მასალის გამოქვეყნება ემსახურება მიზანს, რომ ხელი შეეშალოს გამოძიებას. 

"საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ 2012 წლის არჩევნების შემდგომ ზ. ჟვანიას და რ. უსუპოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ვიდეო და ფოტომასალა აღმოჩენილი იქნა ყოფილი მთავარი პროკურორის მ. ზოდელავას სამუშაო ოთახში განთავსებულ სეიფში, საქმისგან განცალკავებით, რაც ასევე ბადებს ბევრ კითხვის ნიშანს", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

ზოდელავამ კომენტარი გააკეთა პროკურატურის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ფოტო და ვიდეომასალა ყოფილი მთავარი პროკურორის, მურთაზ ზოდელავას სამუშაო ოთახში საქმისგან განცალკავებით, სეიფში აღმოაჩინეს.

"ჟვანიას საქმის გამოძიება დასრულდა ჩემს პროკურორად დანიშვნამდე დიდი ხნით ადრე. უნდა აღინიშნოს, რომ ჟვანიას საქმეში იყო გარკვეული დელიკატური მომენტები, რის გამოც სისხლის სამართლის საქმის ის ნაწილი, რომელიც განსაკუთრებული დელიკატურობით გამოირჩეოდა, ინახებოდა არა მურთაზ ზოდელავას კაბინეტში, არამედ საქართველოს მთავარი პროკურატურის ყველაზე დაცულ კაბინეტში - მთავარი პროკურორის კაბინეტში, სეიფში. ეს იყო, რა თქმა უნდა, სისხლის სამართლის საქმის ნაწილი, აქ იყო ფოტო და ვიდეომასალა არა მარტო შემთხვევის ადგილზე გადაღებული, არამედ შემდგომ სამედიცინო ექსპერტიზის და სხვა პროცედურების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა. თითქმის წელიწად-ნახევრის წინ, ისევე როგორც ჩემი კაბინეტი, ასევე, ბუნებრივია, ეს სეიფი და მასალები გადაეცა ახალ მთავარ პროკურორს", - განაცხადა ზოდელავამ.

ზოდელავა ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის ცხედრების Youtube-ზე გავრცელებული ფოტოკოლაჟის გამო დაკითხეს. მურთაზ ზოდელავას განცხადებით, მან პროკურატურას მიაწოდა ის ინფორმაცია, რაც სწორად მიაჩნია.

პროკურატურაში განაცხადეს, რომ ზოდელავას განმარტება თემის დელიკატურობასთან დაკავშირებით გაუგებარია, რადგან ჩვენებაში მან დააფიქსირა, რომ საქმეს არ იცნობს. 

კომენტარები