კრიზისი უკრაინაში

სააკაშვილი: რუსეთის სავალუტო რეზერვები უნდა გაიყინოს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის სავალუტო რეზერვები უნდა გაყინონ. სააკაშვილის თქმით, თუ ეს მოხდება, რუსეთი უკან დაიხევს. როგორც ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, ეს რადიკალური ზომაა, მაგრამ სიტუაციაც ძალიან მკვეთრი და რადიკალურია. ამის შესახებ სააკაშვილმა ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა.

„ამ შემოტევის პირველი წუთიდან ყველა საერთაშორისო ეთერით მოვითხოვდი, მქონდა მრავალ სენატორთან, ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან საუბარი და ვეუბნებოდი, რომ სანქციების პირველი ტალღა უნდა იყოს სავიზო სანქციები, ანგარიშების გაყინვა, კონკრეტული ადამიანების, დამნაშავეების სიის შედგენა. ეს, პრაქტიკულად, რამდენიმე ტალღად კეთდება. ამ კვირაში კიდევ დაემატება სიები.

მაგრამ ახლა ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზე, სადაც ევროპის ხელმძღვანელთა უმეტესობა იქნება, მე მინდა დავაყენო საკითხი, რომ ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ასევე რუსეთის სავალუტო რეზერვების გაყინვა განიხილონ. რუსეთის მთელი ფული  ევროპის და ამერიკის ბანკებში დოლარებსა და ევროებში ინახება. თავის დროზე ამერიკამ და ევროპამ ეს სანქცია ირანის მიმართ გამოიყენეს და თუ ამას რუსეთის მიმართ გამოიყენებენ, დარწმუნებული ვარ, თუ გაბედავენ  და გამოიყენებენ, რუსეთი უკან დაიხევს. მაგრამ  უნდა გაბედონ და გამოიყენონ, ეს რადიკალური ზომაა, მაგრამ სიტუაცია არის ძალიან მკვეთრი და ძალიან რადიკალური“, - აცხადებს სააკაშვილი. 

კომენტარები