აჭარის უმაღლესი საბჭო

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ავთანდილ ბერიძის იმპიჩმენტი ვერ შედგა

adjaraps.com

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე თანამდებობაზე რჩება. დღევანდელ სხდომაზე, უმრავლესობის არცერთმა (13) წევრმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. უმცირესობის რვა დეპუტატის ხმა კი, იმპიჩმენტისთვის საკმარისი არ იყო. ავთანდილ ბერიძის გადაყენება იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, თუ საკითხს მხარს დაუჭერდა სრული შემადგენლობის უმრავლესობა, ანუ სხდომის მინიმუმ 11 წევრი.

უმრავლესობის წევრის დავით ბაციკაძის განმარტებით, უმრავლესობა ნაციონალური მოძრაობის მიერ დადგმულ ფარსში არ მიიღებდა მონაწილეობას და ამიტომ, გადაწყვიტეს არ მიეღოთ მონაწილეობა კენჭისყრაში. მისი შეფასებით, ავთანდილ ბერიძე თავის მოვალეობას ძალიან კარგად ასრულებს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ავთანდილ ბერიძის გადაყენების ინიციატივით ნაციონალური მოძრაობა 18 მარტის ბიუროს სხდომაზე გამოვიდა.

უმცირესობის შეფასებით, ბერიძე დაკისრებულ მოვალეობებს თავს ვერ ართმევს. ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის რობერტ ჩხაიძის თქმით, ავთანდილ ბერიძის ავტომობილის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის გამო მთელი რეგიონი გაილანძღა. მისივე აზრით, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც იუმორისტული გადაცემების გმირად იქცა, რეგიონის პირველ პოლიტიკურ პირად არ უნდა ითვლებოდეს.

შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ბერიძე ძვირადღირებული ავტომობილის შეძენისთვის გამოცხადებული ტენდერის გამო, ოპოზიციასთან ერთად მმართველი გუნდის წევრებმაც გააკრიტიკეს.

ამასთან, გასული წლის აგვისტოში აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის სამსახურებრივი ავტომანქანა ბათუმის ბულვარში დააფიქსირეს, სადაც ავტომანქანების შესვლა კანონით აკრძალულია.

კომენტარები