ზურაბ ჟვანიას საქმე

ჯაფარიძე: მთავრობას შეუძლია, ჟვანიას საქმეზე სრული დოკუმენტაცია გაასაჯაროოს

zonanews.ge

„მთავრობას შეუძლია, გაასაჯაროოს სრული დოკუმენტაცია, რომელიც ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით არსებობს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს.

უმცირესობის წევრები იმ ვიდეოს ეხმაურებიან, რომელიც Youtube-ზე  გუშინ გავრცელდა და გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ფოტოკოლაჟს ასახავს.

„მიზანი არის იგივე მითის ხელშეწყობა, თითქოს იქ მკვლელობა იყო. ჩვენ ამის შესახებ განცხადება არაერთხელ გაგვიკეთებია. მთავრობას შეუძლია, გაასაჯაროოს სრული დოკუმენტაცია, რომელიც ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით არსებობს. ამასთან დაკავშირებით უმცირესობას არანაირი პრობლემა არ აქვს“, - ამბობს ჯაფარიძე.

უმცირესობის წევრის ლევან ბეჟაშვილის თქმით, ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს, თუ როგორ მოხდა სოციალურ ქსელებში აღნიშნული ფოტომასალა.

„მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში არიან, გამოძიება ჩაატარეს, უკვე ექსპერტებიც დაკითხეს და უამრავი ადამიანი ხელახლა დაიკითხა, ვერაფერი კონკრეტული ვერ დადეს. ეს ადამიანები ასეთი ბინძური მეთოდებით საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირებას კვლავ ცდილობენ. პირველი, რაც უნდა გააკეთოს ობიექტურმა ხელისუფალმა, უნდა გამოიძიოს, თუ როგორ მოხდა სოციალურ ქსელებში ეს კადრები“, - აცხადებს ბეჟაშვილი.

ცნობისთვის, Youtube-ზე გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ფოტოკოლაჟი, სათაურით Saakashvili killed Mr. zurab zhvania(სააკაშვილმა მოკლა ბატონი ჟვანია) აიტვირთა. ვიდეოს ავტორი ცხედრებზე, სავარაუდოდ, სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანებების არსებობაზე მიუთითებს. ვიდეო hakim pasha-მ ატვირთა, რომელსაც Youtube-ზე სხვა ვიდეო არასოდეს დაუდია. 

 

 

კომენტარები