კანონი საერთო სასამართლოების შესახებ

კუბლაშვილი: მოსამართლეთა დანიშვნაზე იუსტიციის სამინისტროსთან უთანხმოებაა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კონსტანტინე კუბლაშვილის თქმით, მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებით მასსა და იუსტიციის სამინისტროს შორის პრინციპული უთანხმოებაა. კუბლაშვილის აზრით, 3-წლიანი გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, არ უნდა მოხდეს მოსამართლეთა საქმიანობის შემოწმება, რადგან ეს მათ დამოუკიდებლობას შეუქმნის საფრთხეს.

"როცა უზენაესი სასამართლოს შესახებ რაღაც განსაკუთრებული ცვლილებები მზადდება და შემდეგ უკვე გამოდის განსახილველად, თუკი არ იქნება კონსულტაცია გავლილი უზენაეს სასამართლოსთან, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან, ეს იქნება უზარმაზარი პრობლემების შეცველი თვითონ ამ პროექტების ავტორებისათვის და შემდეგ უკვე თვითონ პროექტისათვის. იმიტომ, რომ ასეთი პროექტები იქნება აშკარად დაუსაბუთებელი და ხარვეზიანი და იმდენად ხარვეზიანი, რომ თუკი შემდეგ პარლამენტამდე მივიდა და იქ გავიდა, შესაძლოა, მართლაც გამოიწვიოს სასამართლო სისტემაში უზარმაზარი პრობლემები ფუნქციონირების კუთხით", - ამბობს კუბლაშვილი.

კონსტანტინე კუბლაშვილი უფლებაშეწყვეტილი მოსამართლეების საქმესაც გამოეხმაურა. მისი თქმით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის უფლება მხოლოდ სასამართლოს აქვს.

"საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ აქვს არანაირი უფლებამოსილება, გადახედოს უკვე მიღებულ და კანონიერ ძალაში შესულ საქმეებსა და გადაწყვეტილებებს. ასე რომ, სამართლებრივად ძალიან მარტივი საკითხია. ეს გადაწყვეტილება არის მიღებული. ბუნებრივია, იყვნენ წევრებიც, რომლებსაც შედარებით სხვა პოზიცია ჰქონდათ. სურდათ, გადაგვეხედა ამისთვის და სხვა გადაწყვეტილება მიგვეღო. მაგრამ საბჭოში მოსამართლეთა უმრავლესობამ ჩათვალა, რომ კანონის დარღვევა იქნებოდა იუსტიციის საბჭოს უკვე ძალაში შესული გადაწყვეტილების გადასინჯვა", - თქვა კუბლაშვილმა.

კომენტარები