პოლიტიკა

სვანტე კორნელი: საქართველოს ხელისუფლება უფრო კოორდინირებულად უნდა მოქმედებდეს

სვანტე კორნელი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის შუა აზიისა და კავკასიის სწავლების პროგრამის დირექტორია. მისი ხელმძღვანელობით გამოიცა სტატიების კრებული საქართველო-რუსეთის ომის შესახებ: „აგვისტოს თოფები 2008 – რუსეთის ომი საქართველოში”.

თბილისში ვიზიტით მყოფ შვედ მკვლევარს ტაბულა ტრანსატლანტიკურ თანამშრომლობაზე, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაზე, გერმანიის როლზე, NATO-ს გაფართოების პერსპექტივასა და ამ მიმართულებით, საქართველოს მთავრობის მიერ გაწეულ ძალისხმევაზე ესაუბრა.
ესაუბრა თამარ ჩერგოლეიშვილი.

რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა მაღალი დონის ამერიკელი დიპლომატის და უკრაინაში შეერთებული შტატების ელჩის პირადი საუბარი, სადაც ამერიკელი დიპლომატი უცენზუროდ მოიხსენიებს ევროკავშირს. რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამან ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ურთიერთობაზე?

სამწუხაროა, რომ ეს ასე მოხდა. სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ვიქტორია ნულანდი თანამდებობაზე ტრანსატლანტიკური კავშირის რენესანსის იდეით მოვიდა. ეს საუბარი ალბათ ამას გაართულებს. მომხდარი მიუთითებს, რომ ამერიკელმა დიპლომატებმა WikiLeaks-ის გამოცდილება კარგად არ გაიაზრეს. მაგრამ ამის გარეშეც, ტრანსატლანტიკური ურთიერთობები ისედაც ცუდ ფორმაშია, ახლა ისღა დაგვრჩენია, უიმედობა დაგვეუფლოს ამ მიმართულებით. არადა, ამ ურთიერთობის გაძლიერება უკიდურესად მნიშვნელოვანია.

ჩვენ ხშირად გვესმის ევროკავშირის, ხშირად სამართლიანი, კრიტიკა, რომელიც არცთუ დიდი ენთუზიაზმით ცდილობს რეგიონში არსებული პრობლემების მოგვარებას, მაგრამ რამდენად სამართლიანია ამ კრიტიკის მოსმენა ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენლისგან? თავად ამერიკა რამდენად აქტიურია რეგიონში?

კარგია, რომ ეს საკითხი წამოჭერით. გასაკვირია, რომ ახლა ამერიკის ადმინისტრაცია ევროკავშირს აკრიტიკებს. 5-10 წლის წინ არ გამიკვირდებოდა, როდესაც ევროკავშირი დეზორგანიზებული იყო. ბოლო ორი წელია, ეს ორგანიზაცია წინააღმდეგობას უწევს რუსეთის მიერ ყოფილი საბჭოთა სივრცის რეინტეგრაციას, მაშინ როდესაც ობამას ადმინისტრაცია ამ მიმართულებით ძალიან პასიურია. შესაძლოა, ახლა დადგა მომენტი, როდესაც შეერთებული შტატების მთავრობა ცდილობს უფრო სერიოზულად მოეკიდოს ამ რეგიონში არსებულ პრობლემებს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ რუსეთში მიიჩნევა, რომ შეერთებული შტატები შეეგუა გავლენის სფეროების არსებობას.

გერმანია ყველაზე დიდი პრობლემაა, როდესაც რუსეთის შეკავებაზე ვსაუბრობთ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისიც კი განაცხადა, რომ საკმარისად კარგად არ გაიაზრა ევროკავშირმა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის შედეგები რუსეთთან მიმართებით. რა გამოდის? 2008 წელს გერმანიამ საქართველოსთვის და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭება დაბლოკა, იმიტომ რომ რუსეთს თითქოს საფუძვლიანად აღიზიანებდა სამხედრო ბლოკის მის საზღვრებთან გაფართოება და ამბობდა, რომ ევროკავშირთან დაახლოება რუსეთის მხრიდან იმავე რეაქციას არ გამოიწვევს. ახლა თურმე ევროპის სამეზობლო პოლიტიკაც გადასახედია. რას ფიქრობთ გერმანიის საქციელზე?

ეს ნიშნავს იმას, რომ ევროპამ მართლაც ვერ გაიაზრა, რომ რუსეთს გააღიზიანებდა ასოცირების ხელშეკრულება და თავისუფალი ვაჭრობა მის ყოფილ სატელიტებთან. ვფიქრობ, ნაწილობრივ იმაშიცაა პრობლემა, რომ რუსეთიც ვერ ხვდებოდა ევროკავშირის მნიშვნელობას, რადგან ყველაფერს სამხედრო პრიზმაში ხედავდნენ. დღეს ისინი აცნობიერებენ, რომ ევროკავშირი მათთვის ისეთივე საფრთხეს წარმოადგენს, როგორსაც NATO. ევროპელები კი რუსეთის ამ დამოკიდებულებასთან გასამკლავებლად მზად არ არიან.

ფიქრობთ, რომ გერმანია ამ განცხადებით აღიარებს გავლენის სფეროებს?

Svante Cornell
ფოტო: Dimitri Chikvaidze / Tabula
გერმანიის შიდა პოლიტიკის ჭრილში უნდა განვიხილოთ – ერთი მხრივ, არის ანგელა მერკელი, რომელმაც ნოემბერში ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა თქვა ერების უფლების შესახებ, თავისუფლად გააკეთონ საგარეო პოლიტიკური არჩევანი და მიუღებლად გამოაცხადა მესამე მხარის ჩარევა – ცხადია, რუსეთს გულისხმობდა. მეორე მხრივ – კოალიციის სხვა ლიდერების განცხადებები. ვფიქრობ, ახლა ხდება გერმანიის მმართველი კოალიციის შიგნით აღმოსავლეთ პარტნიორობასთან მიმართებით პოლიტიკის შემუშავება და ჯერჯერობით ყველაფერი ძალიან ბუნდოვანია.

საქართველოს საკითხზე რომ ვისაუბროთ – ამბობენ, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე რუსეთის ზეწოლა გაძლიერდება, რატომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე და რატომ მერე არა?

ეს დამოკიდებულია თავად რუსეთის აღქმაზე, რა წერტილიდან მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია შეუქცევადია – იქნება თუ არა ეს წერტილი ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, ვერ ვიტყვით. ეს რუსეთის აღქმაზეა დამოკიდებული და არა ჩვენსაზე. თუ რუსეთი ჩათვლის, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ისინი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ხელს ვეღარ შეუშლიან, აუცილებლად იმოქმედებენ. შესაძლოა, პრობლემები მის განხორციელებას შეუქმნან და არა იმდენად ხელმოწერას. ასე რომ, მე ვფიქრობ, რუსულ პროვოკაციებს უნდა ველოდოთ როგორც ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე, ისე მის შემდეგ.

თავად ევროკავშირი რად აღიქვამს ასოცირების ხელშეკრულებას?

სამწუხაროდ, ევროკავშირს ამ დოკუმენტის ზედმეტად ტექნიკური ხედვა აქვს. ისინი ამას გეოპოლიტიკურ ჭრილში ნაკლებად უყურებენ და, შესაბამისად, არც რუსულ პროვოკაციებზე აქვთ პასუხი.

და ბოლოს, NATO-ს სამიტი 2014 წელს. ბოლო სამიტზე, ჩიკაგოში ითქვა, რომ შემდეგი სამიტი გაფართოებას უნდა მიეძღვნას – ჰილარი კლინტონმა თქვა ეს, რამდენად ელით მისი სიტყვების გამართლებას?

ვფიქრობ, ძალიან ცოტას სურს, 2014 წლის სამიტი NATO-ს გაფართოების სამიტი იყოს. საქართველოსთვის მთავარი მაინც ის იქნება, საქართველოს რა სურს. დღეს, უფრო სწორად, გუშინ უნდა დაწყებულიყო კოორდინირებული მუშაობა როგორც სახელმწიფო პირებთან, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, იმისთვის, რომ საქართველოს NATO-ში გაწევრიანების სტრატეგია შემუშავდეს.

როგორ ფიქრობთ, საქართველოს ხელისუფლება საკმარისს აკეთებს ამ მიმართულებით?

არა. ახლა საქართველოს ხელისუფლება საკმარისს არ აკეთებს. მე ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა უფრო კოორდინირებულად უნდა მოქმედებდეს და უფრო მკაფიო და მომთხოვნი იყოს იმაში, რაც საქართველოს ინტერესებშია.

კომენტარები