ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

რუსთავში ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი მამუკა ჩიქოვანი იქნება

რუსთავში   ნაციონალური მოძრაობის  მერობის კანდიდატი მამუკა ჩიქოვანი იქნება.  ჩიქოვანი, მერობის კანდიდატად  შიდაპარტიული არჩევნების-პრაიმერიზის  გზით დასახელდა. 

"ჩვენ დღეს ვართ ერთადერთი პარტია, სადაც ყველა თანამდებობა არჩევითია და კონკურენციის დროს ყველა კანდიდატის დასახელება შიდა არჩევნების გზით ხდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი, თუ როგორ შეიცვალა ნაციონალური მოძრაობა და რამდენად განვითარდა პარტიაში შიდა დემოკრატია და არჩევითობა. ეს არის კარგი და ჯანსაღი პროცესი", - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის  ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

მამუკა ჩიქოვანი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის  რუსთავის ორგანიზაციის თავმჯდომარედაც  აირჩიეს. 

"დღეიდან რუსთავს ეყოლება პარტიის ახალი თავმჯდომარე, მერობის კანდიდატი. ჩვენი პარტია რუსთავში იწყებს ბრძოლას სრული გამარჯვებისთვის. ჩვენთვის, ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს ამ ქალაქს არ ჰყავს პატრონი: მოუგვარებელია გზების პრობლემა, მოუგვარებელია და განსაკუთრებით მწვავედ დგას ტრანსპორტის პრობლემა. გვინდა, რომ ისევ ავამუშავოთ რუსთავი, როგორც ეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დროს იყო და გვინდა, რომ ამ ქალაქს ისევ ჰყავდეს მზრუნველი პატრონი", - აღნიშნა საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა.

მამუკა  ჩიქოვანმა დელეგატებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, გავიმარჯვებთ იმისთვის, რომ ავამუშაოთ რუსთავი. რუსთავის მომავლისათვის ვიბრძოლებთ. დღეს ძალიან ბევრი პრობლემაა: მოშლილია სატრანსპორტო სისტემა, სამწუხაროდ,  2 წლის განმავლობაში იმდენი მოახერხა უუნარო ხელისუფლებამ, როგორც ადგილზე, ასევე ცენტრალურ ხელისუფლებას ვგულისხმობ, რომ პრაქტიკულად  ყველანაირი ინფრასტრუქტურა მოიშალა. ამის დაშვება არ შეიძლება. ერთადერთი მიზანი, რაც  გვამოძრავებს: რუსთავი იყოს ბევრად მოწესრიგებული ქალაქი“,-განაცხადა ჩიქოვანმა.

 

 

კომენტარები