თვითმმართველობის არჩევნები

გიორგი ვაშაძე კანდიდატურას ნიკა მელიას სასარგებლოდ ხსნის

BPN.GE

ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატის შესარჩევი პრაიმერის ერთ-ერთმა მონაწილემ გიორგი ვაშაძემ საკუთარი კანდიდატურა ნიკა მელიას სასარგებლოდ მოხსნა. ამის შესახებ ვაშაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო პროცესში ჩაერთო და ვისაც პარტიასთან პრინციპები და ღირებულებები აერთიანებს. 

"ჩვენ ძალიან სერიოზულ წარმატებებს მივაღწიეთ, თუმცა ქართული ოცნება პოლიტიკურად მოტივირებული პროცესების ფონზე ცდილობს სრულიად სხვა კონტექსტში გადაიტანოს პოლიტიკური პროცესი. ამ ფონზე ძალიან რთულია შიდა დისკუსიები, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული შედეგები. ცვლილებებმა მოგვიტანა ის, რომ ძალიან ბევრი ახალი სახე გამოიკვეთა ნაციონალურ მოძრაობაში. საბჭოს არჩევნები თბილისსა და რეგიონებში იყო ძალიან საინტერესო. ვერ დამისახელებთ ვერცერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას, სადაც ამხელა აქტივობა და ასეთი გაწევრიანების ტალღა იყო. ეს არის ჩვენი საერთო გამარჯვება. შიდა კონკურენციამ გამოკვეთა ახალი ლიდერები, მათ შორის ნიკა მელია, ჩემი მეგოარი, რომელთან ერთადაც რამდენიმე წელია მოვდივარ. ამიტომ მე მივიღე გადაწყვეტილება გუნდთან ერთად, რომ კანდიდატურა მოვხსნა მის სასარგებლოდ და ჩვენ დავიწყოთ ახალი ფაზა ცვლილებების", - განაცხადა ვაშაძემ და აღნიშნა, რომ ის მომხრეა რადიკალური ცვლილებების.

"ამ ცვლილებებით, ნაციონალური მოძრაობა უნდა ჩამოყალიბდეს საზოგადოებისთვის მიმზიდველ მექანიზმად, პლატფორმად, რომელიც განახორციელებს მნიშვნელოვან რეფორმებს და შეძლებს ისეთი გარემოს განვითარებას, სადაც თითოეული ადამიანი მოახერხებს საკუთარი თავის რეალიზებას. ამ მიმართულებით ვაპირებ ფოკუსირებას. ახლა მთავარია, შემოვიაროთ მთელი საქართველო, შევხვდეთ ახალ წევრებს, ყველა მხარდამჭერს და, საბოლოო ჯამში, ცვლილებები მივიყვანოთ ბოლომდე, რაც ქვეყნის განვითარებაში შექმნის ძალიან კონკრეტულ პერსპექტივას", - განაცხადა ვაშაძემ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა მელის თქმით კი, ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში დაწყებული პროცესი უპრეცედენტო და ძალიან ახალია ქართული პოლიტიკისთვის.

"იდეა თავიდან ბოლომდე ეკუთვნის გიორგი ვაშაძეს, რაც გულისხმობს პრაიმერის ჩატარებას პოლიტიკური გაერთიანების შიგნით. ამან დიდი პოზიტიური შედეგები გამოიღო ბოლო ორი კვირის მანძილზე. ჩვენ ერთად დავსხედით და გიორგიმ ჩათვალა ასე, რომ ჩემთვის დაეთმო ასპარეზი. ამ კონკრეტულ მოცემულ პერიოდში შექმნილი საერთო პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე ჩათვალა, რომ იგი შეიძლება საჭირო იყოს არა მხოლოდ თბილისში, არამედ ქუთაისში, ზუგდიდში, სხვადასხვა ქალაქებში. ჩვენ ყველა ერთად გავერთიანდებით და აუცილებლად ვიბრძოლებთ, რომ 15 ივნისს გავიმარჯვოთ თბილისის მერის არჩევნებში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის და გვაქვს ამის ამბიცია. ჩვენ უბრალოდ არ ვიბრძვით არჩევნებში მონაწილეობისთვის, ჩვენ ვგეგმავთ, რომ თბილისში გავიმარჯვოთ დამაჯერებლად. ყველა ჩვენს რესურსს გავაერთიანებთ ამ მიზნის მისაღწევად", - განაცხადა მელიამ.

ნაციონალურ მოძრაობას თბილისის მერობის საკუთარი კანდიდატი პრაიმერის გზით უნდა შეერჩია, რომელშიც გიორგი ვაშაძე და ნიკა მელია მონაწილეობდნენ.

კომენტარები