უკრაინის კრიზისი

შტაინმაიერი: თუ რუსეთი პოზიციას არ შეიცვლის, სანქციები გამკაცრდება

ფრანკ-ვოლტერ შტაინმაიერი
wikipedia.org

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ, თუ რუსეთი უკრაინის თაობაზე პოზიციას არ შეიცვლის, მის წინააღმდეგ სანქციები გამკაცრდება.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ZDF-ის ეთერში განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი ეტაპი შესაძლოა დაგეგმილზე უფრო ადრე ამოქმედდეს. „თუ უახლოესი დღეების განმავლობაში რუსეთი თავისი პოზიციის შეცვლის მზადყოფნას არ გამოთქვამს, ევროკავშირის მხრიდან სანქციები შემდეგ საფეხურზე უნდა გადავიდეს", - განაცხადა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა. მისი თქმით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ევროკავშირი და რუსეთი ვითარების დეესკალაციაზე საერთო პოზიციებს არ შეიმუშავებენ.

ამავე დროს, შტაინმაიერის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ საჯარიმო სანქციების „გადაჭარბება არ ღირს", რადგან ეს ორივე მხარეს დააზარალებს. „რუსეთს ყველაზე დიდ ზარალს ქვეყნის თვითიზოლაცია მიაყენებს", - განაცხადა შტაინმაიერმა.

ევროკავშირმა გასულ კვირაში რუსეთთან ვიზის ლიბერალიზაციისა და სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები შეწყვიტა. ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების განცხადებით, ისინი მზად არიან რუსი მოხელეების წინააღმდეგ პერსონალური სანქციები, ასევე ქვეყნის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციებიც განიხილონ.

კომენტარები