უკრაინის კრიზისი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი პუტინს სიცრუეში ამხელს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ვლადიმირ პუტინის მიერ 4 მარტის პრესკონფერენციაზე გაკეთებულ 10 განცხადებას უარყოფს და რუსეთის ლიდერს სიცრუეში ამხელს. ტექსტის შესავალში წერია, რომ „ისეთი სიცრუე, როგორსაც რუსეთი მიმართავს უკრაინაში უკანონო ქმედებების გასამართლებლად, მსოფლიოს ჯერ არ უნახავს რუსული ზღაპრების შემდეგ. როგორც დოსტოევსკი წერდა, ფორმულას ორს პლუს ორი უდრის ხუთს, თავისი ხიბლი აქვს".

სახელმწიფო დეპარტამენტის ტექსტში გაანალიზებულია ათივე განცხადება და ისინი მოყვანილი ფაქტებით არის გაბათილებული.

1. პუტინი ამბობს, რომ რუსული ჯარები ყირიმში მხოლოდ რუს სამხედროებს იცავენ, ხოლო ინფრასტრუქტურას და სამხედრო ობიექტებს „მოქალაქეთა თავდაცვის რაზმები" იკავებენ. 

ყველა ფაქტი კი მოწმობს, რომ რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლები ყირიმის კარგად ორგანიზებული ანტიუკრაინული ძალების შუაგულში იმყოფებიან. ამ ადამიანებს აცვიათ ფორმა განმასხვავებელი ნიშნების გარეშე, მაგრამ მართავენ სატრანსპორტო საშუალებებს რუსული სახელმწიფო ნომრებით და თავისუფლად ახდენენ თავის იდენტიფიცირებას რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან. თანაც ეს ხალხი შეიარაღებულია იარაღით, რომელიც, როგორც წესი, სამოქალაქო პირებისთვის მიუწვდომელია.

2. პუტინი ამბობს, რომ რუსეთი 1997 წელს უკრაინასთან გაფორმებული მეგობრობის შესახებ ხელშეკრულების მიხედვით მოქმედებს.
სინამდვილეში, ხელშეკრულება რუსეთს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას ავალდებულებს, მისი ქმედებები კი ამ დოკუმენტის დარღვევაა.

3. პუტინი საუბრობს, რომ უკრაინულმა ოპოზიციამ პრეზიდენტთან დადებული 21 თებერვლის შეთანხმება არ შეასრულა.
სინამდვილეში, სწორედ პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა არ შეასრულა შეთანხმების პირობა, რომლის თანახმად 24 საათის განმავლობაში 2004 წლის კონსტიტუცია უნდა ამოქმედებულიყო. პარლამენტმა შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, იანუკოვიჩმა მას ხელი არ მოაწერა და ამის ნაცვლად დედაქალაქიდან გაიქცა.

4. პუტინი ამბობს, რომ უკრაინის მთავრობა არალეგიტიმურია და იანუკოვიჩი კვლავაც ქვეყნის პრეზიდენტია.
ფაქტები: 4 მარტს თავად პუტინმა აღიარა, რომ იანუკოვიჩს „არ აქვს პოლიტიკური მომავალი. მას შემდეგ, რაც იგი უკრაინიდან გაიქცა, საკუთარმა რეგიონების პარტიამაც ხმა მისცა მის გადაყენებას და მხარი დაუჭირა ახალ მინისტრთა კაბინეტს. ახალ მთავრობას დემოკრატიულად არჩეულმა უკრაინულმა პარლამენტმა 371 ხმით (ხმათა 82%) დაუჭირა მხარი.

5. პუტინი აცხადებს, რომ უკრაინაში ჰუმანიტარული კრიზისია და ასეულათასობით უკრაინელი რუსეთში თავშესაფარს ეძებს.
ფაქტი: დღესდღეობით არ არსებობს ჰუმანიტარული კრიზისის რაიმე მტკიცებულება. არ არსებობს მტკიცებულებები უკრაინიდან რუსეთში დევნილთა ნაკადის შესახებ. რასაც საერთაშორისო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი ჟურნალისტებიც ადასტურებენ.

6. პუტინი ამბობს, რომ ეთნიკური რუსები საფრთხეში არიან.
სინამდვილეში, რუსული პრესისა და რუსული სახელმიფო ტელევიზიის გარდა, არსად არ ვრცელდება ცნობები რუსი მოსახლეობისათვის მოსალოდნელი საფრთხის თაობაზე. უკრაინის ახალი ხელსუფლების პრიორიტეტი მშვიდობის და თანხმობის შენარჩუნებაა. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ტურჩინოვმა უარი თქვა კანონის ხელმოწერაზე, რომელიც შეზღუდავდა რუსული ენის გამოყენებას რეგიონებში. ეთნიკური რუსები ადასტურებენ, რომ მათ თემებს საფრთხე არ დამუქრებიათ. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ კიევში მშვიდი ვითარებაა, არ აქვს ადგილი კრიმინალის ზრდას და ანგარიშსწორებას პოლიტიკურ ოპონენტებთან.

7. პუტინი ამბობს, რომ რუსული ბაზები საფრთხეშია.
ფაქტები: რუსული სამხედრო ბაზები უსაფრთხოდაა, ახალი ხელისუფლება კი ვალდებულია, დაიცვას ყველა საერთაშორისო შეთანხმება, მათ შორის ის, რომელიც რუსულ ბაზებს ეხება. უკრაინული ბაზები ყირიმში კი ნამდვილად საფრთხეშია რუსი სამხედროების მხრიდან.

8. პუტინი ამბობს, რომ ადგილი ჰქონდა მასობრივ თავდასხმებს ეკლესიებსა და სინაგოგებზე ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილში.
უკრაინის რელიგიური კონფესიების ლიდერებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის არცერთი შემთხვევა არ ყოფილა. ყველა ლიდერმა, მოსკოვის პატრიარქატის ჩათვლით, მხარდაჭერა ახალ ხელისუფლებას გამოუცხადეს და ეროვნული ერთობისკენ მოუწოდეს. ებრაელთა თემის წარმომადგენლები სამხრეთსა და აღმოსავლეთში აცხადებენ, რომ მათ ანტისემიტიზმის გამოვლინებები არ დაუფიქსირებიათ.

9. პუტინი ამბობს, რომ კიევს ყირიმის დესტაბილიზაცია სურს.
ფაქტები: უკრაინის დროებითი მთავრობა დიალოგისკენ მოწოდებით გამოვიდა. ამავე დროს, რუსული ძალები გამოვიდნენ საკუთარი ბაზებიდან, რათა ხელთ იგდონ პოლიტიკური ობიექტები და ინფრასტრუქტურა ყირიმში. მთავრობამ დელეგატები გაგზავნა სიტუაციის დასარეგულირებლად. თუმცა ბოლო ასეთი დესპანი პეტრო პოროშენკო ყირიმის პარლამენტში არ შეუშვეს.

10. პუტინი აცხადებს, რომ უმაღლესი რადა ექსტრემისტებისა და ტერორისტების გავლენის ქვეშაა.
ფაქტები: რადა უკრაინაში ყველაზე წარმომადგენლობითი ორგანოა. კანონები მიიღება დიდი უმრავლესობით, მათ შორის, აღმოსავლეთ უკრაინის წარმომადგენელთა მონაწილეობით. ულტრანაციონალისტური დაჯგუფებების უკიდურესად მემარჯვენე ნაწილი, რომელიც სამართალდამცველებთან შეტაკებებში იყო ჩართული, პარლამენტში წარმოდგენილი არ არის. არ არსებობს რაიმე ნიშანი იმისა, რომ უკრაინის ხელისუფლება დისკრიმინაციულ პოლიტიკას გაატარებს. პირიქით, მათ საწინააღმდეგოს დეკლარირება მოახდინეს.

კომენტარები