სტიპენდიები სტუდენტებისთვის

სტუდენტებისთვის განკუთვნილი სტიპენდიები პრეზიდენტის სახელით აღარ გაიცემა

სტუდენტებისთვის განკუთვნილი სტიპენდიები პრეზიდენტის სახელით აღარ გაიცემა. პრეზიდენტის სტიპენდიას სახელმწიფო სტიპენდია დაერქვა. როგორც განათლების სამინისტროში განმარტავენ, 2008 წლიდან სტიპენდიები სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაიცემოდა და არა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან. მათივე თქმით, ამ გარემოების გათვალისწინებით, სტიპენდიების განახლებულ პროგრამას სახელმწიფო სტიპენდიის პროგრამა დაერქვა. 

"გიორგი მარგველაშვილმა მინისტრობის პერიოდში სტუდენტური სტიპენდიების პროგრამის მასშტაბები გაზარდა. პროგრამა 2012 წლის ბოლოს გადაიხედა და 2013 წლისათვის გაორმაგებული ბიუჯეტითა და განახლებული სახელწოდებით დაიწყო ფუნქციონირება.

დღეისათვის პროგრამა ორჯერ მეტ სტუდენტს ემსახურება. ამავე პერიოდშივე მოხდა სხვა პროგრამების შინაარსის, ბიუჯეტისა და სახელწოდებების გადახედვაც, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო ამ პროგრამების მაქსიმალური ეფექტურობა. აგრეთვე დავიწყეთ სრულიად ახალი პროგრამები, რომლის პირდაპირი ბენეფიციარებიც ჩვენი სტუდენტები არიან (ზაფხულისა და ზამთრის სკოლები, დოქტორანტების დაფინანსება, სამაგისტრო სამეცნიერო პროგრამები, ბიბლიოთეკების განახლების პროგრამები და სხვა.).

რაც შეეხება 2007 წლის პრეზიდენტის განკარგულებით განხორციელებულ პროგრამას, მას დაერქვა პრეზიდენტის სტიპენდია და ამისათვის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო დაფინანსება. 2008 წლიდან სარეზერვო ფონდიდან სტიპენდიების დაფინანსება შეწყდა. მომდევნო წლებში სტიპენდიები ფინანსდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან (განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტიდან). შესაბამისად ეს გარემოება გავითვალისწინეთ და სტიპენდიების განახლებულ პროგრამას დაერქვა სახელმწიფო სტიპენდიის პროგრამაც, რაც დაფინანსების წყაროდან გამომდინარე, ადეკვატურია", - ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში.  

კომენტარები