შტეფან ფულეს ვიზიტი

მარგველაშვილი: უმნიშვნელოვანესი იყო შტეფან ფულეს ილია მეორესთან შეხვედრა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის შტეფან ფულეს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. მარგველაშვილის თქმით, ფულესთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს, მის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

"ევროკავშირი თანმიმდევრულად აფართოებს თანამშრომლობას, რაც ახლო მომავალში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით, საბოლოოდ კი, ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციით უნდა დასრულდეს. უმნიშვნელოვანესი იყო აგრეთვე ბატონი ფულეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლთან, კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან შეხვედრა. ევროკავშირის უმაღლეს კომისართან საუბრისას პატრიარქმა აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, საქართველო თავისი ტრადიციებითა და ფასეულობებით ბუნებრივად გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ეკლესია მხარს უჭერს და ყოველთვის ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ადამიანის თავისუფლება, ტოლერანტობა, განსხვავებულისადმი პატივისცემა, უპირველეს ყოვლისა, ქრისტიანული ფასეულობებია და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის ამ მარადიულ, უზენაეს ღირებულებათა სადარაჯოზე იდგა. ეს ფასეულობები ათასწლეულების განმავლობაში წარმართავდა ჩვენი ქვეყნის წინსვლას, აყალიბებდა ჩვენს უძველეს და უნიკალურ კულტურას. მათ დაეფუძნება საქართველოს შემდგომი განვითარებაც", - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ სასულიერო და პოლიტიკურ ლიდერთა ერთობლივი ძალისხმევა ახალ იმპულსს შესძენს ევროინტეგრაციის პროცესს და არსებითად გაამდიდრებს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობას.

ევროკომისარი გაფართოების და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, შტეფან ფულე კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს გუშინ შეხვდა. შეხვედრის ნაწილი დახურულად წარიმართა. ევროკომისარმა განაცხადა, რომ ევროკავშირს სურს, პარტნიორობა მოიცავდეს ქართული საზოგადოების ყველა ნაწილს.

"ეკლესია აქ მუდამ არის. აქ ჩვენ ვაშენებთ ძალიან სერიოზულ და თავისებურ პატრნიორობას, რომელიც მხოლოდ რამდენიმე პოლიტიკოსთან პარტნიორობა არ არის. ჩვენ გვსურს, რომ ეს პარტნიორობა მოიცავდეს ქართული საზოგადოების ყველა ნაწილს. ჩვენ ვქმნით პარტნიორობას, რომელიც გაუძლებს მრავალ გამოწვევას. მართლაც, რომ გადავხედოთ რა ხდება უკრაინაში, ჩვენ საერთო ბევრი გვექნება დასაძლევი. ასე რომ, დიდი მადლობა მინდა გითხრათ, რომ მიიღეთ ჩემი მორჩილი თხოვნა შეხვედრაზე. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეკლესია არის პარტნიორი, ინგლისურად ცუდი სიტყვაა, დაინტერესებული მხარე, როდესაც საქმე ეხება საქართველოსთან ურთიერთობას", - განაცხადა ევროკომისარმა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ კი, შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს ეკლესია ევროინტეგრაციის პროცესს არ აბრკოლებს და ეკლესია ყველაფერს გააკეთებს ამ იდეის განხორციელებისთვის. პატრიარქმა ამასთანავე აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრობა საქართველოს არ უზღუდავს შესაძლებლობას გახდეს ასევე სხვა ორგანიზაციების წევრიც.

"ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ იმით, რომ საქართველო, რომელმაც გამოიარა მძიმე კომუნისტური რეჟიმი, მიემართება ევროპულ სტრუქტურებში. ევროპის სტრუქტურები არის ის ორგანიზაცია, რომელსაც კარგად იცნობენ საქართველოში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო გახდეს სრულფასოვანი წევრი ამ დიდი ორგანიზაციის. მინდა ვთქვა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს საქართველოს ეკლესია აბრკოლებს ამ პროცესს. მინდა დაგარწმუნოთ თქვენ, რომ საქართველოს ეკლესია ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს იდეა განხორციელდეს... მე მინდა გითხრათ, რომ ამაში დარწმუნება არ მჭირდება. მე დიდი ხანია ამაში დარწმუნებული ვარ. არის ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ავრცელებენ ეკლესიის საწინააღმდეგოდ ამ იდეას და ამით ალბათ შოულობენ დახმარებებს. თქვენ თვითონ დარწმუნდებით საქართველოში ვიზიტისას. თქვენ დღეს ჩამობრძანდით, გქონდათ შეხვედრები, კიდევ შეხვდებით სასულიერო პირებს, საზოგადოების წარმომადგენლებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს იდეა განხორციელდეს", - აღნიშნა ილია II-მ.

კომენტარები