შტეფან ფულეს ვიზიტი

შტეფან ფულე ენმ-ს ლიდერებს შეხვდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ევროკომისარს გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულეს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ პარტიის ლიდერებმა მედიისთვის კომენტარი გააკეთეს.

”ძირითადი თემა ბუნებრივია იყო ის, რა უნდა გავაკეთოთ ყველამ ერთად მომავალი თვეების მანძილზე, რომ საქართველოს ევროპულ მომავალს არ შეექმნას საფრთხე, ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია გაგრძელდეს და რას გააკეთებს ამისთვის მომავალი თვეების განმავლობაში ბრიუსელი და ევროკომისია. ძალიან კარგი, გულახდილი დისკუსია იყო. ბატონი ფულე დიდი ხნის მეგობარია ჩვენი ქვეყნისაც და ჩვენიც, როგორც პოლიტიკური გუნდის. იმედი მაქვს, ასეთი გულახდილი და კარგი დისკუსიებით ჩვენ შევძლებთ, რომ გავაგრძელოთ ჩვენი ევროპული ინტეგრაცია. წინ აღვუდგეთ იმ საფრთხეებს, რომელიც მოდის ჩვენი აგრესიული მეზობლისგან”, - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მდივანმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, გიგა ბოკერიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ გზავნილი არის მკაფიო - ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტს უჭერს მხარს.

”მნიშვნელოვანია, რომ ამ მომენტში კომისარი ფულე ჩამოვიდა საქართველოში, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს წინაშე ეს პერსპექტივა არის ღია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გზავნილი არის ძალიან მკაფიო, რომ ევროკავშირი უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს მხარს ასეთ მძიმე მომენტში ჩვენი რეგიონისთვის, როცა ჩვენს მეგობარ უკრაინაზე რუსეთის ფედერაცია ღია სამხედრო აგრესიას, ინტერვენციას და ოკუპაციას ახორციელებს”, - განაცხადა ბოკერიამ. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის გიგი უგულავას თქმით კი, შეხვედრის ერთ-ერთი თემა ოპოზიციაზე განხორციელებული ზეწოლა იყო.

”მთავარი არის ერთიანობის დემონსტრირება, რასაც, სამწუხაროდ, ჩვენი მთავრობა არ აკეთებს და პირიქით, მთავრობის ყველა ძალისხმევა მიმართულია ლეგიტიმური ოპოზიციის განადგურებისკენ და, სხვათა შორის, ეს იყო ერთ-ერთი მთავარი სატკივარი და მთავარი თემა, რომელიც ბატონმა ფულემ წამოწია, იმიტომ, რომ ნებისმიერი ევროპული დემოკრატიის მთავარი შემადგენელი ნაწილია ჯანსაღი ოპონირება და ძლიერი ოპოზიციის არსებობა”, - აღნიშნა უგულავამ.

კომენტარები