შტეფან ფულეს ვიზიტი

ფანჯიკიძე: ევროკომისარს დავუდასტურეთ მზაობა, შევასრულოთ აღებული ვალდებულებები

Facebook / maiapanjikidzeofficial

”როგორც საქართველომ, ასევე ევროკავშირმა გამოხატეს მზაობა, რაც შეიძლება მალე მოეწეროს ხელი ასოცირების შესახებ შეთანხმებას”, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ევროკომისართან გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, ყველა საჭირო პროცედურის დასრულების მიზნით, ორივე მხარე ინტენსიურად მუშაობს.

როგორც ფანჯიკიძემ აღნიშნა, ევროკომისართან შეხვედრა მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო. მისი თქმით, შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული ძირითადი მიმართულებები განიხილეს.

”განვიხილეთ ასოცირების დღის წესრიგზე მიმდინარე მოლაპარაკებები და შევთანხმდით, რომ დროულად უნდა შეთანხმდეს დოკუმენტის ტექსტი, სავარაუდოდ, მარტის ბოლოსთვის.

ევროკომისარს გავუზიარეთ ჩვენი ხედვა ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებისთვის მომზადების თაობაზე და ამ მიმართულებით ევროკავშირის მხრიდან დახმარების შესაძლო პრიორიტეტებზე.

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს არის ძალზე საპასუხისმგებლო პროცესი, ვინაიდან შეთანხმება ითვალისწინებს ფართომასშტაბიან რეფორმებსა და საკანონმდებლო დაახლოებას ყველა სექტორში. ევროკომისარს დავუდასტურეთ მზაობა, შევასრულოთ აღებული ვალდებულებები და გარდავსახოთ ისინი კონკრეტულ ქმედებებში ჩვენი მოქალაქეების სასარგებლოდ”, - აღნიშნა ფანჯიკიძემ.

მინისტრის თქმით, შტეფან ფულეს ვიზიტი საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი ევროკავშირის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის დემონსტრირებას წარმოადგენს.

”კარგად გვახსოვს ბატონი შტეფან ფულეს სიტყვები მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას, როდესაც მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის აღმოსავლეთევროპელი პარტნიორებისთვის ევროპული პერსპექტივის გახსნის მნიშვნელობას. იმედი გვაქვს, რომ ეს მიდგომა სრულფასოვნად აისახება ჩვენს ურთიერთობებში. ჩვენთვის ევროპული პერსპექტივის გახსნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში არსებული გამოწვევებისა და უკრაინაში უკანასკნელ დღეებში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით. იმედს გამოვთქვამ, რომ ევროკავშირი მკაფიოდ დააფიქსირებს თავის განცხადებებში საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერას", - განაცხადა ფანჯიკიძემ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრაზე საქართველოში უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაცია განიხილეს.

"შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოში უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაცია, განსაკუთრებით, ბოლო განვითარებები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით. რუსეთის მხრიდან მზარდი ზეწოლის ფონზე, ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ევროკავშირის როლს საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში.

პირველ რიგში, მის მტკიცე მხარდაჭერას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ძალზედ ვაფასებთ ევროკავშირის ჩართულობას ამ პროცესში, უმთავრესად ეფექტიანი არაღიარების პოლიტიკის განხორციელების, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ფუნქციონირების, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში მონაწილეობით და ნდობის აღდგენის ხელშეწყობის გზით", - განაცხადა ფანჯიკიძემ.

ცნობისთვის, შტეფან ფულე საქართველოს დღეს ეწვია. 

კომენტარები