ყოფილი პრემიერმინისტრი ვანო მერაბიშვილი სასამართლოს მიერ მის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, სასამართლომ ხელისუფლების ზეწოლას ვერ გაუძლო და "სრულიად უკანონო და უსამართლო განაჩენი გამოიტანა."
"გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლომ, მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას სახით, სრული კაპიტულაცია გამოაცხადა ხელისუფლების წინაშე. სამწუხაროდ, მან ვერ გაუძლო ხელისუფლების ზეწოლას და იმავე ხელისუფლების მიერ, წინა წლების განმავლობაში შექმნილ საზოგადოებრივ აზრს და გამოიტანა სრულიად უკანონო და უსამართლო განაჩენი.
აღსანიშნავია, რომ გუშინვე, საფრანგეთში გაიმართა კიდევ ერთი პროცესი ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირის წინააღმდეგ. ამჯერად უკვე რეალურად დამოუკიდებელმა ფრანგმა მოსამართლემ უარი განაცხადა დავით კეზერაშვილის საქართველოსთვის გადმოცემაზე, ვინაიდან სახეზე იყო პოლიტიკური დევნის ნიშნები და გაათავისუფლა იგი. ამ გადაწყვეტილებით, ფრანგულმა სასამართლომ არა მხოლოდ გაამართლა დავით კეზერაშვილი, არამედ, ამასთანავე, განაჩენი გამოუტანა ქართულ მართლმსაჯულებას, როგორც პოლიტიკური დევნის იარაღს", - წერია მერაბიშვილის განცხადებაში.





