თბილისის საქალაქო სასამართლომ 26 მაისის საქმეზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმის განხილვა დაასრულა. დაცვის მხარე სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვა გამოვიდა.
ადვოკატებმა კომპანია „დენსუსის" დასკვნა წარადგინეს, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის დაკვეთით არის მომზადებული. „დენსუსი" მიიჩნევს, რომ მიტინგის დაშლის ტაქტიკა სწორად იყო შერჩეული. როგორც ოთარ კახიძე ამბობს, მართალია, დაცვის მხარე სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების ცალკეულ შემთხვევებს არ უარყოფს, თუმცა, მისი თქმით, ეს ყოფილი მინისტრის ბრალეულობასთან კავშირში არ არის.
ბრალდების მხარის მტკიცებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არა მიტინგის დაშლაზე, არამედ მომიტინგეთა მასობრივ დაკავებასა და დარბევაზე იყო ორიენტირებული. პროკურორის თქმით, ვანო მერაბიშვილის მიზანი იყო მომიტინგეებს მომდევნო დღეებში შეკრების სურვილი აღარ ჰქონოდათ.
26 მაისის საქმის განხილვა სასამართლოში 9 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს პროკურატურა დამამძიმებელ გარემოებებში სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება. თბილისის საქალაქო სასამართლო განაჩენს ხვალ 15:00 საათზე გამოაცხადებს.




