გიორგი ონიანის საქმე

ახალაია ონიანის დაკავებაზე: რატომ ჰგონიათ, რომ ასეთი მეთოდებით დაგვაფრთხობენ?

Georgia's former Interior Minister Bacho Akhalaia speaks to media at the prosecutor's office in Tbilisi
Irakli Gedenidze / REUTERS

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია ადვოკატ გიორგი ონიანის დაკავებას მისი დაცვის უფლების განხორციელების შეფერხების მცდელობად აფასებს. მისივე თქმით, "უუნარო ხელისუფლებას, რომელსაც პოლიტიკური ბრძოლის თავი არ აქვს, სხვა გზა არ დარჩა, გარდა პოლიტიკური ოპონენტების უსაფუძვლო დაკავებისა". ამასთან, ბაჩო ახალაია საჯარო პირობას დებს, "რომ ყველა ამ და სხვა საქმეების ფალსიფიკატორები აუცილებლად აგებენ კანონის წინაშე პასუხს".

"მთავარი არის ის, რომ გოგას მსგავსი ადამიანების დაკავებით, რომლებიც უზომოდ ერთგულნი არიან საქართველოს, თავისი საქმის და მეგობრების, დარტყმას აყენებენ იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომელზეც დგას ჩვენი სახელმწიფო. ჩვენ წინასწარ ვიცოდით, რომ ეს დაკავება მოხდებოდა, მაგრამ გოგამ ზუსტად იცოდა და იცის, რომ სწორედ ასეთ სირთულები არის ჩვენი გამარჯვების საწინადარი. მესმის, რომ უუნარო ხელისუფლებას, რომელსაც პოლიტიკური ბრძოლის თავი არ აქვს, სხვა გზა არ დარჩა, გარდა პოლიტიკური ოპონენტების უსაფუძვლო დაკავებისა; მესმის, რომ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ და ვერ მიმტკიცებენ არარსებულ დანაშაულს და ამის გამო სურთ შური იძიონ ჩემს დამცველებზე, მესმის, რომ უფრთხიან მებრძოლ ადამიანებს და მათ წინააღმდეგ იყენებენ სახელმწიფო ბერკეტებს. უბრალოდ, ერთ რამეს ვერაფრით ვერ ვიგებ - რატომ აქვთ განცდა, რომ ასეთი მეთოდებით დაგვაფრთხობენ, შეგვაშინებენ, დაგვაკნინებენ. ჩვენი სწრაფვა ქვეყნის კეთილდღეობისათვის არის ურყევი და თუნდაც ოთხი კედელი ვერ გაანელებს გამარჯვების ჩვენ მტკიცე ნებას საქართველოს სახელით. ვდებ საჯარო პირობას, რომ ყველა ამ და სხვა საქმეების ფალსიფიკატორები აუცილებლად აგებენ კანონის წინაშე პასუხს. ბოლოს მინდა ვთხოვო საზოგადოებას, განსაკუთრებით პოლიტიკოსებს, ნუ იხმობენ და იხსენებენ გამოძიებას, როგორც ჭეშმარიტების დამდგენ შესაძლებლობას და ნუ ამყარებენ მასზე იმედებს, რადგან აშკარაა, დღეს საქართველოში ყველა საგამოძიებო ორგანო მხოლოდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს, დღეს გამოძიება, ისე როგორც სხვა ბევრი სახელმწიფო ინსტიტუცია, ემსახურება ერთი რუსი ოლიგარქის - ივანიშვილის ახირებებს და ინტერესებს. და ყველაფრის მიუხედავად, გამარჯვება გარდაუვალია. ამისთვის არ უბრძოლია საქართველოს მოქალაქეების თაობებს, რომ კაპრიზულმა აგონიურმა ხელისუფლებამ ქვეყანა მტერს ჩააბაროს და მოუსპოს განვითარების შანსი", - წერს ბაჩო ახალაია Facebook-ის გვერდზე.

ბაჩო ახალაიას ადვოკატი გიორგი ონიანი გუშინ, საკუთარ სახლში დააკავეს. საქართველოს მთავარი პროკურატურა მას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, სამსახურებრივ სიყალბეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ მტკიცებულებების ფალსიფიკაციას, ასევე, განზრახ უკანონო დაკავებას ედავება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 147-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 25, 341-ე მუხლით და 3691-ის მუხლის მესამე ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას 8 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

კომენტარები