ვითარება უკრაინაში

ბაქრაძე: დღეს აღარავის ეეჭვება, რომ უკრაინა იქნება ევროპის ნაწილი

ხათუნა ხუციშვილი

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის შეფასებით, უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა კითხვის ნიშანს წერტილი დაესვა. ბაქრაძის თქმით, მთავარი, რაც უნდა მომხდარიყო, მოხდა - ძალადობა დასრულდა.

"უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებს წერტილი დაესვა. დღეს აღარავინ დავობს და ეჭვობს, რომ უკრაინა ნამდვილად იქნება თავისუფალი და ევროპის ნაწილი. ამის იქით უკვე შიდა პოლიტიკაა. იმედი მაქვს, რომ უკრაინაში სხვადასხვა პოლიტიკური ძალები შეთანხმდებიან და პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობა ხელს არ შეუშლის იმ მთავარი მიზნის შესრულებას, რისთვისაც ასე გმირულად იდგნენ უკრაინელები და გასწირეს თავი", - აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი.

უკრაინის უმაღლესმა რადამ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 2014 წლის 25 მაისს დანიშნა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ხმა 328 დეპუტატმა დაუჭირა. ასევე #4193 დადგენილებით, რადამ პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი თანამდებობიდან გადააყენა.

ასევე გუშინ უკრაინის პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც იულია ტიმოშენკო თავისუფალია. 331 დეპუტატიდან 322-მა ინიციატივას მხარი დაუჭირა. შეგახსენებთ, რომ 2011 წელს უკრაინის სასამართლომ ტიმოშენკოს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მიზეზად კი 2009 წელს რუსეთთან გაზის კონტრაქტის გაფორმებისას, უფლებამოსილების გადამეტება დაასახელა. დასავლეთი ვიქტორ იანუკოვიჩს ტიმოშენკოს განთავისუფლებას სთხოვდა. უკრაინის ევროკავშირში მისაღებად, ევროგაერთიანების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაც სწორედ ექსპრემიერის ციხიდან გამოშვება იყო.

უკრაინაში 18 თებერვალს დაწყებული არეულობის შედეგად, სულ მცირე, 77 ადამიანია დაღუპული. პროტესტის მონაწილეებსა და სამთავრობო ძალებს შორის შეტაკების შედეგად დაღუპულთა პატივსაცემად ორდღიანი გლოვა გამოცხადდა.

კომენტარები