პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში

ბაქრაძე მარგველაშვილს: ვერ მოვისმინე კონკრეტიკა, რა გაკეთდა თქვენს მიერ

wikipedia.org

საქართველოს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ პარლამენტში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გამოსვლის შემდეგ პრეზიდენტის გამოვლენილი პასიურობის გამო გააკრიტიკა და მას მეტად გააქტიურებისკენ მოუწოდა.

"სიმართლე გითხრათ, ინტერესით ველოდი პრეზიდენტის დაანონსებულ გამოსვლას, დაანონსებულს იმდაგვარად, რომ უნდა ყოფილიყო სიახლე, სიახლე ფორმატით, სიახლე შინაარსით და სიმართლე გითხრათ, სიახლეები, რომლებიც დავინახე, ვერანაირ პოზიტიურ განცდას ვერ აღძრავს ჩემში.

პირველი სიახლე, რომელიც დავინახე ისაა, რომ ამ სხდომას პირველად არ ესწრება საქართველოს მთავრობა. მე მოვისმინე განმარტება ჩემი კოლეგებისა, რომ ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტი არ არის მთავრობის მეთაური და ეს გახლავთ მიზეზი. ძვირფასო კოლეგებო, პრეზიდენტი არ გახლავთ საქართველოში მყოფი უცხოელი დიპლომატი, არც რელიგიური კონფესიების მეთაური და არც წმინდა სინოდის მეთაური, მაგრამ ისინი ყველანი ბრძანდებოდნენ ამ გამოსვლაზე. ისინი პატივს სცემენ ქართველი ხალხის არჩევანს. სამწუხაროდ, როგორც დღეს გამოჩნდა, თავისუფალი სავარძლების სახით, მთავრობა აღმოჩნდა ერთადერთი ინსტიტუცია, რომელმაც პატივი არ სცა ქართველი ხალხის შარშან გამოხატულ არჩევანს", - თქვა დავით ბაქრაძემ პარლამენტში სიტყვით განმოსვლისას.

უმცირესობის ლიდერის განცხადებით, მისთვის პარლამენტში მთავრობის არყოფნა აუხსნელი ფაქტია.

"მე მოვუსმინე საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც საუბრობდა ნატოზე, აფრიკაზე, ჩვენი სამშვიდობო კონტინგენტის გაგზავნაზე. მაქვს მარტივი კითხვა, სად არის თავდაცვის მინისტრი, რომელიც ამ დროს უნდა ადასტურებდეს იმას, რაზეც საუბრობს პრეზიდენტი. მე მოვუსმინე საქართველოს პრეზიდენტს ვილნიუსზე, ევროკავშირსა და ჩვენს სხვა საგარეო გეგმებზე. მაქვს ასევე მარტივი კითხვა, სად არის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ამ ყველაფერს უნდა იღებდეს, როგორც სახელმძღვანელო პრინციპებს მომავალი პოლიტიკისთვის. მე ამას არ ვამბობ ნიშნის მოგებით. ჩვენ ვიყავით კონკურენტები არჩევნების დროს. მე იმავე საღამოს მოგილოცეთ გამარჯვება და მინდა პიროვნულად მივულოცო ადამიანს, რომელიც არის და იქნება ამ ქვეყნის ძლიერი პრეზიდენტი", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ბაქრაძემ მოუწოდა გიორგი მარგველაშვილს, სრულად გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება და მთავრობის სხდომაზე დასწრება მოითხოვოს და მთავრობასთან გაარკვიოს, სრულდება თუ არა ის დაპირებები, რომელსაც ის საარჩევნოდ ხალხს აძლევდა.

 

კომენტარები